შეთავაზებული სიმბოლური ფასი და გაუმართლებელი მოლოდინები - რატომ აღარ ჰყავს მაყურებელი "დინამო ბათუმს"?

შეთავაზებული სიმბოლური ფასი და გაუმართლებელი მოლოდინები. ბათუმის სტადიონზე „დინამო ბათუმსა“ და გორის „დილას“ შორის გამართულ მატჩს გულშემატკივრების უჩვეულოდ  მცირე რაოდენობა ჰყავდა. არადა, ქალაქში დაგეგმილი მატჩებისთვის,  მაყურებლები განსაკუთრებულად ემზადებოდნენ და ბილეთებიც 24 საათში  სრულად იყიდებოდა.  გვახსოვს 20 ათასი ადამიანი, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე. ოვაციები და ქომაგების დადებითი მოლოდინები. თუმცა მდგომარეობა ბოლო დროს საგრძნობლად გაუარესდა. თუ კი ადრე ბილეთების შესაძენად რიგები არ წყდებოდა. ახლა მისი ფასი 50 თეთრამდე  გაიაფდა თუმცა დასწრების მსურველები უფრო და უფრო იკლებს.

რატომ აღარ ჰყავს მაყურებელი ბათუმელ მოთამაშეებს?

კადრები, რომლებსაც თქვენ ახლა ხედავთ, ორი სხვადასხვა რიცხვით თარიღდება. პირველ ნაწილში „დინამო ბათუმის“ საგულშემატკივროდ თითქმის ყველა სავარძელი სავსეა, მეორე კი საპირისპირო სურათს გვიჩვენებს. არსებული რეალობა ცხადჰყოფს, რომ ქომაგები ბათუმურ გუნდზე განაწყენებულნი არიან. თავად ერთ-ერთი გულშემატკივარი ამის მიზეზად საფეხბურთო კლუბის მარცხს ასახელებს. ტარიელ ვარშანიძის შეფასებით, განვიტარებული მოვლენების ფონზე, მაყურებლის საპასუხო რეაქცია მოსალოდნელი იყო.

„დინამო ბათუმის“ ქომაგთა შემცირებულ რიცხვს განცდილ მარცხს უკავშირებს კიდევ ერთი გულშემატკივარი. სერგო ოდიშარიას თქმით, მაყურებლის მოლოდინები გუნდმა ვერ გაამართლა, რის გამოც ახლა „დინამო ბათუმი“ გამარჯვებისთვის დაცარიელებულ მოედანზე იბრძვის.

„დინამო ბათუმი“-ს გულშემატკივრები მაყურებლის დაკარგვას კიდევ ერთ გარემოებას უკავშირებენ - ხვიჩა კვრაცხელიას გუნდიდან წასვლას. მიუხედავად ამისა, ქომაგები მაინც იმედოვნებენ, რომ ბათუმელი ფეხბურთელები ისტორიის ახალ ფურცელს ახალი ძალებით მალე დაწერენ.

არსებული კადრების საპირისპიროში გვარწმუნებენ „დინამო ბათუმი“-ს ადმინისტრაციაში. აქ მხოლოდ სიტყვიერად გვითხრეს, რომ მატჩზე მაყურებელი უცვლელი რაოდენობით მივიდა. აქვე შეგახსენებთ, საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბილეთები სიმბოლურ ფასად, 50 თეთრად იყიდებოდა. ასე იქნება მომდევნო სამ მატჩზეც, თუმცა რამდენად სურთ ქომაგებს შეჯიბრებების ნახვა და ბათუმელი ფეხბურთელების გულშემატკივრობა, ამას დრო გვიჩვენებს. ცნობისთვის, ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე გორის “დილა“-ს შეხვდა და 3-2 დაამარცხა.

მეტის ნახვა