ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები წინასწარი გაფრთხილების, უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ - ზურაბიშვილი
"ყველაზე მთავარი იმედი, ჩვენი საზოგადოება, რომელმაც მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა, და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება. ამ საზოგადოების ძალა და შემართება ყველას მიერ გასათვალისწინებელია, რამე თუ ის ხვალინდელ დღეს წარმოადგენს.
მაგრამ დღეს ამ საზოგადოებას გაუგებრობისა და შეურაცხყოფის შერეული განცდაც დაეუფლა. ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივისცემასა და ღირსებაზე არ ფიქრობს, გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენ პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას ევალება, რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათა ღელვა და ესკალაცია.
ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა, ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა, უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ, მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს".