ახალი ამბები • 1752786542
2 შაურმა და 10 ლარი ყოველდღიურად - ბათუმელი მეწარმე ტერორზე საუბრობს
ორი შაურმა და 10 ლარი - გიყვებით ამბავს ბათუმელ მეწარმეზე, რომელიც მეზობელს ტერორში ადანაშაულებს. ვაჟა თავართქილაძე TV25-ს უყვება, რომ ქალი, რომელიც მისი ბიზნესის წინააღმდეგია, მეუფე დიმიტრისთან ნათესაურის კავშირის გამოყენებით ემუქრება და მისგან საკვებსა და თანხას ყოვედღიურად ითხოვს. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ადრესატი და ამბობს, რომ ობიექტის მეპატრონე ცილს სწამებს. თავართქილაძე იმასაც ამტკიცებს, რომ აღნიშნული ოჯახი გავლენებით ბათუმის მერიაშიც სარგებლობს, რის გამოც მას კვების ობიექტის მიმდებარედ მაგიდისა და სკამების განთავსებას უკრძალავენ. ეს კი იმ ფონზე, როცა მოპირდაპირედ მდებარე კაფე-ბარს ტროტუარი მთლიანად აქვს ათვისებული. თვითდასაქმებულის თქმით, არათანაბარი მიდგომების გამო, მისი ბიზნესი ზარალდება. თამარ კიკნაძე გაგაცნობთ მხარეთა პოზიციებს.
წერილი, რომლითაც ვაჟა თავართქილაძემ გაიგო, რომ მისი სწრაფი კვების ობიექტის წინ ტროტუარზე მაგიდებს ვეღარ გაიტანს, 24 თებერვალს ჩაბარდა. არგუმენტები, მისთვის მიუღებელია. დარწმუნებულია რომ შეზღუდავს, მიზანმიმართულად უწესებენ.
ამ საშაურმედან რამდენიმე მეტრში კიდევ ერთი კაფეა. ლოგიკურად, გამწვანება ქუჩის ბოლომდე უნდა გრძელდებოდეს, თუმცა იგი მის კედელთან სრულდება. ობიექტს, მთლიანად აქვს ათვისებული საფეხმავლო ნაწილი. იგი აქ ერთგვარ გვირაბს ქმნის ქვეითებისთვის. ასეთი, ქალაქში კიდევ მრავლადაა. თუ ამ რეალობიდან ამოვალთ, მაშინ ნამდვილად ლეგიტიმურია კითხვა, რატომ უკრძალავს მერია ტროტუარზე მაგიდების განთავსებას ერთ შპს-ს ქვეითთა შეფერხების მიზეზით, როცა არაფერს იმჩნევს მომიჯნავედ. კითხვებზე არც მერიის ზედამხედველობის და არც გამწვანების სამსახურში გვიპასუხეს.
თუ ეს მართლაც ერთი მცირე მეწარმის მიმართ გატარებული, მიზანმიმართული აკრძალვაა, რა ინტერესი აქვს მერიას?! - ვაჟა თავართქილაძე ამბობს, რომ ეს მეზობლის საჩივრების შედეგია. ვერ ამბობს, საიდან მოდის ნეგატიური განწყობები, თუმცა ირწმუნება, რომ მეზობელი დაინტერესებულია, ობიექტის დახურვით. თავართქილაძის მტკიცებით, დალი ჯიჯავაძე, რომელიც მეუფე დიმიტრის მძახალია, ამ ნათესაობას ბოროტად იყენებს და სისტემატურად ცდილობს გამოძალოს ფული და შაურმა.
ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ადრესატი. დალი ჯიჯავაძე ირწმუნება, რომ თავართქილაძისგან ცილისწამების მსხვერპლია, თუმცა რა საფუძველი აქვს ამას, არ იცის. ამბობს, რომ მათ შორის უთანხმოების ისტორია ბევრად ძველია, ვიდრე მეუფეს დაუნათესავდებოდა.
თავართქილაძე ამბობს, რომ დაუსრულებელი დავებისგან დასვენების სანაცვლოდ, წლების წლის წინ, დალი ჯიჯავაძეს ყოველთვიურად 300 ლარს უხდიდა, თუმცა ეს პანდემიის შემდეგ შეუძლებელი გახდა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თანხას რომ იღებდა, არც თავად დალი ჯიჯავაძე უარყოფს, თუმცა როგორიც ამბობს, მოიჯარისგან და არა თავად თავართქილაძისგან, თუმცა ამბობს, რომ საქმე სხვა რამეშია. დაუსრულებელი დავა არ იქნებოდა, თავართქილაძე ერთ მარტივ პრობლემას რომ აგვარებდეს. საშაურმეს გამწოვ მილს ისე ამონტაჟებდეს, გამონაბოლქვი მის ფანჯრებში არ შედიოდეს.
თავართქილაძე ამბობს, რომ გამწოვი მილის ამაღლების უფლებას ჯიჯავაძე არ აძლევს. ერთი სიტყვით, ბრალდებები, არგუმენტები და კონტრარგუმენტები ორივე მხარეს აქვს. ეს ცხადიაა კერძო დავის საგანია. მთავარი კი მაინც თვითმმართველობის მიდგომაა - რა პრინციპით ხელმძღვანელობს უწყება მეწარმეებთან ურთიერთობისას რაზეც შესაბამისი სამსახურებიდან, პასუხები დღის ბოლომდე ვერ მივიღეთ.

1752588701

1745312322