მძიმე ღამე აჭარაში - სტიქიის მსხვერპლი და ბოლო ცნობები ქობულეთიდან

მძიმე ღამე აჭარაში. დამანგრეველ ქარს მსხვერპლი მოჰყვა. ქობულეთში, სტიქიის შედეგად წაქცეული ხე მანქანას დაეცა და ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა. სტიქიამ მასშტაბურად გაანადგურა ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტში. დაზიანდა მრავალბინიანი კორპუსების სახურავები, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე წაიქცა ხეები, დაზიანდა სარეკლამო ბანერები. შეფერხებული იყო სატრანსპორტო მიმოსვლაც. ქობულეთში შექმნილ პრობლემებზე სალომე უსტალიშვილი გიამბობთ. 

ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე დამანგრეველმა ქარმა იმსხვერპლა. ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მიმავალ მანქანას ხე დაეცა, შედეგად 40 წლამდე კაცი დაიღუპა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს, მოქალაქე, გარდაცვლილი დახვდა.

აღმაშენებლის ქუჩაზე დაშავდა ბავშვი, რომელსაც ხის ტოტი დაეცა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მოზარდის მდგომარება დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დამაკმაყოფილებელია იმ ქალის მდგომარეობაც, რომელსაც დამანგრეველმა ქარმა სახლი დაუნგრია და მოხუცი შენობაში მოიყოლა.

ქობულეთში, სტიქიამ მასშტაბურად გაანადგურა ინფრასტრუქტურა. ქარმა, ოცდაათამდე საცხოვრებელ სახლსა და მრავალბინიან კორპუსს სახურავი გადახადა. მუნიციპალიტეტში არაერთი ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

მოგლეჯილია ხეები, შედეგად გაადგილება, მთელი ღამის განმავლობაში, შეფერხებული იყო. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. დაზიანდა რკინის კონტრუქციებზე განთავსებული სარეკლამო ბანერებიც.

ქობულეთის სოფლებს, მთელი ღამის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. რიგ ტერიტორიებზე კი, დაზიანებული სადენების მოწერგიბა მეორე დღესაც ვერ მოხერხდა.

ქობულეთის მერიაში განმარტეს, რომ სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს, უმოკლეს ვადაში დაეხმარებიან. ლევან ზოიძის თქმით, ზარალის შესწავლა, ჯერ კიდევ, გრძელდება.

ენერგო-პრო-ჯორჯიაში კი, გვითხრეს, რომ დღის ბოლომდე, ქობულეთის ყველა სოფელში, ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგა.

მეტის ნახვა