რამდენად სანდოა იაფი მედიკამენტები?

წამლები

გქონიათ შემთხვევა, როდესაც აფთიაქში მედიკამენტის ყიდვისას ფარმაცევტი გეუბნებათ, რომ ის წამალი, რომლის შეძენაც გსურთ, რამდენიმე ქვეყნის წარმოების აქვთ? შემდეგ კი არჩევანის საშუალებას გაძლევთ. თქვენ იბნევით და წამლებს შორის განმასხვავებელ ნიშნებზე ეკითხებით, ის კი გპასუხობთ, რომ ერთი და იგივე შემადგენლობა აქვს, უბრალოდ, მათ სხვადასხვა კომპანია აწარმოებს და ფასია სხვადასხვა - ერთი ძვირია, მეორე კი შედარებით იაფი. ამ დროს კი, ალბათ, გიჩნდებათ კითხვა: რამდენად სანდოა იაფი მედიკამენტები? ამ კითხვაზე პასუხს სწორედ ამ ბლოგში გაიგებთ.

რომელია შედარებით იაფი მედიკამენტები?

სანამ იაფი მედიკამენტების სანდოობაზე გადავალთ, ჯერ იმაზე ვისაუბროთ, თუ რომელი წამლებია შედარებით ხელმისაწვდომი. არსებობს ბრენდირებული და გენერიკული მედიკამენტები, რომლებიც ერთმანეთისგან შეფუთვით, დასახელებითა და ფასით განსხვავდება, თუმცა მოქმედი ნივთიერების შემცველობა, რომელსაც სამკურნალო ეფექტი აქვს, იდენტურია. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ნებისმიერი წამლის მოქმედება განისაზღვრება მედიკამენტის აქტიური ნივთიერებით, ამ ნივთიერების დასახელებას წამლის გენერიკული დასახელება ეწოდება.
გენერიკული დასახელება, იგივე წამლის აქტიური ნივთიერების დასახელება, არის ერთი, ხოლო მედიკამენტის სავაჭრო დასახელება, შესაძლებელია, იყოს განსხვავებული.

რატომ აქვს წამლებს სხვადასხვა ფასი?

მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ბრენდირებული და გენერიკული მედიკამენტების შემცველობა იდენტურია, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ ღირს ერთი წამალი მეორეზე უფრო ძვირი? საქმე ისაა, რომ ახალი მედიკამენტის შექმნა ხანგრძლივი და ძვირად ღირებული პროცესია. ფარმაცევტულ კომპანიას დიდი რესურსისა და
ინვესტიციის გაღება უწევს კლინიკური კვლევებისათვის, რათა ყველა სტანდარტი დააკმაყოფილოს და მიიღოს მარეგულირებელი ორგანოების რეკომენდაცია წამლის რეალიზაციისთვის. ამგვარად, ბრენდული მედიკამენტი მის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯებს გამო უფრო ძვირია.

რაც შეეხება გენერიკულ მედიკამენტებს, პატენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ორიგინალური მედიკამენტის შემადგენელი, სამკურნალო ეფექტის მქონე ქიმიური ფორმულის დუბლირება და გაყიდვა სხვა ფარმაცევტულ კომპანიებსაც შეუძლიათ. შესაბამისად, მათ არ უწევთ რამდენიმესაფეხურიანი კვლევების, მასშტაბური მარკეტინგული კამპანიებისა და სხვა პროცედურებისთვის ხარჯების გაღება, ამიტომ გენერიკული მედიკამენტის სარეალიზაციო ფასი ბრენდულზე დაბალია.

როგორ შევიძინოთ იაფი მედიკამენტები?

თუ დარწმუნდით გენერიკული მედიკამენტების სანდოობაში, მათი შეძენის პროცესზე გადავიდეთ. შეიძლება, არ იცით, რომ 2022 წლის 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმი, ვალდებულია, დანიშნულებაში მედიკამენტის გენერიკული დასახელება დაგიწეროთ, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტი წამლის სამ ყველაზე იაფ და ხარისხიან ვარიანტს შემოგთავაზებთ, არჩევანს კი თავად გააკეთებთ. იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა და დანიშნულებაში მხოლოდ ბრენდირებული მედიკამენტი იქნა მითითებული,
გახსოვდეთ, რომ რეცეპტის გამოწერის პროცესში და ასევე აფთიაქში, ფარმაცევტთან ვიზიტისას, თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ ძვირად ღირებულ მედიკამენტზე და მოითხოვოთ მისი ალტერნატიული, იაფი და ეფექტური ვერსია.

და ბოლოს

თუ აქამდე ეჭვი გეპარებოდათ შედარებით ხელმისაწვდომი ფასის მქონე მედიკამენტების სანდოობაში და გაურკვევლობის საფუძველზე არჩევანს ბრენდულ მედიკამენტზე აკეთებდით, ახლა შეგიძლიათ, აღარ გადაიხადოთ ზედმეტი თანხა და შედარებით დაბალბიუჯეტიანი მედიკამენტები შეიძინოთ. ასე რომ, პასუხი კითხვაზე: სანდოა თუ არა იაფი მედიკამენტები - ცალსახად დადებითია, რადგან იაფი წამლები გენერიკებია, რომლებიც ბრენდულის იდენტური ხარისხის, სტანდარტის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მქონე უფრო ეკონომიური ალტერნატივაა.

მეტის ნახვა