ახალი ამბები • 1734684571
სკოლებში ღია კარის დღეები მიმდინარეობს
სკოლებში ღია კარის დღეები მიმდინარეობს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
გუშინ აჭარის განათლების ფონდსა და ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში, გაიმართა შეხვედრა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, გააცნეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და ის უპირატესობები, რაც პროფესიული უნარების დაუფლებას აქვს.
შეხვედრას ესწრებოდა ქალაქ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, რომელმაც წარმატებები უსურვა მოსწავლეებს. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა ახალგაზრდებს.
"საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პირველად სთავაზობს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით საპილოტედ შერჩეულ 20 საჯარო სკოლის ბაზაზე განხორციელდება, ხოლო აჭარაში ორ სკოლაში- ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლასა და ქობულეთის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლაში. სკოლებში რეგისტრაცია მიმდინარეობს, პარალელურად კი სამინისტრო, პროფესიული უნარების სააგენტოსთან ერთად, თითოეულ სკოლაში საინფორმაციო შეხვედრებს ღია კარის დღის პრინციპით მართავს. ინიციატივა მე-11 კლასის მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სკოლებშივე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ სასწავლო გარემოში, პრაქტიკაზე დაფუძნებით, ზოგადი განათლების პარალელურად დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიას და მიიღონ, როგორც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ასევე, პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ პროფესიით ან სურვილის შემთხვევაში გააგრძელონ სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე.",- წერია განცხადებაში
1728455482
1727447820