ახალი ამბები • 1734106525
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადმოტანის ფაქტზე ორი პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო, მათგან ერთი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, საბაჟო გამშვები პუნქტების „სადახლო-საავტომობილოს“ და „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა 119 138 ლარის საბაჟო ღირებულების, საერთო ჯამში, 880.57 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
1734085537
1728455482
1727447820