1-ელი თებერვლიდან, შესაძლოა, უსიმპტომო პირების სისტემური ტესტირება შეჩერდეს - ამირან გამყრელიძის განმარტება

ტესტირება

1-ელი თებერვლიდან, დროებით, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შეჩერდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, რეგულაცია ყველა იმ დაწესებულებას შეეხება, რომლებსაც თანამშრომლების ტესტირების ვალდებულება ჰქონდათ.

„დღეს შევედით საბჭოზე წინადადებით, რომ 1-ელი თებერვლიდან, დროებით, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით, იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირებაზე. სიმპტომებიანი ადამიანები სასურველია ყველა გაიტესტოს და დადასტურდეს, რომ არის ინფექცია. იქ, სადაც სავალდებულო იყო, უსიმპტომო ადამიანებს ჩვენ ვტესტავდით. დღევანდელი წინადადება არის, რომ თებერვლიდან შევაჩეროთ ეს და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანის ტესტირება როგორც სწრაფი, ასევე PCR ტესტებით. ადამიანებს თუ აქვთ სიმპტომები, იქ ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ, სასურველია, რომ სიმპტომების შემთხვევაში ისინი გადავიდნენ იზოლაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ თქვა ისიც, რომ პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კოვიდგადატანილებად ჩაითვლებიან და „მწვანე პასპორტიც“ მიეცემათ.

„სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი - თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მეტის ნახვა