ახალი ამბები • 1742454739
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე სალიხ შაინიძე საბოლოო გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.
“საქმე, რომელსაც განიხილავთ და ის, რასაც მე ახლა მოვუსმინე, გაყალბებულია. საქმეში არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად დავაკარი, სრულიად გააზრებულად.”- ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, “ბათუმელების|ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა განაცხადა, მისი ადმინისტრაციული საქმის პროცესზე.
“რაც შეეხება 11 იანვარს ჩემს უკანონო დაკავებებს, ჩემს მიმართ იყო შეურაცხმყოფელი მოპყრობა პოლიციის სამმართველოში. შემდგომ იყო საუბარი, რომ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები შეწყვიტაო. ეს არის სიცრუე, რადგან კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ ჩამიდენია და არც მოწოდებები მქონდა. ასევე საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდაო, რაც ასევე სიცრუეა. უბრალოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, რომელიც ამას დაადასტურებს, თუ არ ჩავთვლით თავად მათ ჩვენებებს. ზოგადად, საზოგადოებრივ სივრცეში და საჯაროდ 50 წლამდე ვარ და არასოდეს არავისთვის მიმიყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა”, – განაცხადა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე.
მზია ამაღლობელი ბათუმში, 11 იანვრის ღამეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”, ხოლო მეორედ, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა.