ახალი ამბები • 1742454739
"თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" | აქცია ბათუმში

"თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ამ მოთხოვნებით აჭარის პროკურატურასთან ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. განაცხადეს, რომ მზია ამაღლობელი უკანონო ტყვეა და მას დაზარალებულის სტატუსი აქამდე უნდა მინიჭებოდა.
აჭარის პროკურატურასთან შეკრებილებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერებით, "ქალაქი რომელსაც ამდენი პატიმარი ჰყავს, მშვიდად არ უნდა იყოს" . ადგილზე შეკრებილებმა მოუწოდეს თანამოქალაქეებს, გამოხატონ პროტესტი, რათა "რუსეთის გუბერნიად არ ვიქცეთ".
აჭარის პროკურატურასთან შეკრებილები ასევე ითხოვნდნენ ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის გათავისუფლებას, რომელიც 22-ე დღეა შიმშილობს.
ცნობისთვის, "ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის სამმართველოს წინ, 11 იანვარს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ პირველი ინფორმაცია მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა, მოგვიანებით, კი ადვტოკატებთან არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითა. მზია ამაღლობელი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი.
რაც შეეხება თემურ ქათამაძეს, ბათუმის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, მედროშე თემურ ქათამაძე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 16 იანვარს, სამტრედიის იზოლატორიდან გაათავისუფლეს და გათავისუფლებისთანავე დააკავეს.