პოლიტიკა, სარგებელი და პრივილეგიები - ბოლქვაძეების ოჯახური ბიზნესის ისტორია | აი, ფაქტი

ანზორა

"აი, ფაქტი" "ქართული ოცნების" დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის, მისი ოჯახის ბიზნესისა და პრივილეგიების შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს.  გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება წერს, რომ სახელმწიფო, დეპუტატის ოჯახის სამსახურში რამდენჯერმე ჩადგა. სტატიაში მოთხრობილია, რა "ტრიუკს"მიმართა ოცნებამ იმისთვის, რომ პროპორციული სიის სათავეში რეგიონის დელეგატი ჩაესვა. 

ცნობისთვის, ანზორ ბოლქვაძე ის დეპუტატია, რომელმაც გამოიცვალა ორი ხელისუფლება, ორი პარტია, თუმცა უცვლელია მისი სტილი - პოლიტიკური გავლენების პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება. ამაზე მოწმობს ბოლქვაძეების გამდიდრება და მათი ოჯახური ბიზნესის აყვავება, მაინცდამაინც, ბოლო 16 წელში.

"ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ და რამდენჯერ ჩადგა სახელმწიფო დეპუტატის ოჯახის სამსახურში"- წერს აი, ფაქტი და ვრცელ სტატიას აქვეყნებს:

2011 წლიდან მოყოლებული დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა და გარემოცვამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 5.3 მილიონი ლარი მიიღო. 

დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ოჯახი სახელმწიფო ქონებას პრივილეგიებით და შეღავათიან ფასად ეუფლება, წლების შემდეგ კი იქ სარფიან ბიზნესს აწყობს - მაგალითად, ბოლქვაძეების ხელში მოხვდა მხოლოდ 46 950 ლარად შეძენილი ქონება, რომელიც სამი წლის შემდეგ ბანკმა თითქმის ცხრაჯერ ძვირად,  408 900 ლარად შეაფასა.

პარლამენტარის ბიზნესი 
სარგებელი ცოლის კომპანიას - სასტუმრო კურორტ გოდერძიზე 
გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც ბოლო წლებში მომხიბვლელ ტურისტულ ადგილად იქცა, პარლამენტარის ცოლის, თინა ბოლქვაძის კომპანიის სასტუმრო დგას. 40-ნომრიანი სასტუმრო “არსიანი” აქ 2020 წელს გაიხსნა და მისი ოფიციალური მფლობელი შპს “აისი გოდერძია”.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ფუნქციურია და ტურისტებს მეოთხე წელია მასპინძლობს, ანზორ ბოლქვაძის მიერ 2021-2024 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში “არსიანიდან” მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება. თუმცა, იმას კი უთითებს, რომ მისი ცოლისაა შპს “აისი გოდერძი”, რომელიც სასტუმრო “არსიანს” ფლობს.

გამოდის, რომ თავად “გამჭვირვალობის” მომხრე დეპუტატი, რომელიც ხმას აძლევს რუსულ კანონს, საკუთარ ფინანსებს წარმატებით გვიმალავს. “ჩემს ქვეყანას სჭირდება და იმიტომ დავუჭირე მხარი… დეკლარაციის ასახვაა მანდ, მაგ კანონში, მეტი არაფერი არ არის“, - ამბობდა დეპუტატი 2024 წლის მაისში, “ტვ-25”-თან საუბრისას.

სასტუმროს მფლობელი კომპანია, შპს “აისი გოდერძი” 2017 წელს ანზორ ბოლქვაძის ვაჟმა, ნოდარ ბოლქვაძემ როლანდ და რაინდი შანთაძეებთან ერთად დააფუძნა. 2019 წელს კი ნოდარმა თავისი 33.3%-ანი წილი დედას, თინა ბოლქვაძეს, სიმბოლურ 1 ლარად მიჰყიდა. მას შემდეგ, ეს კომპანია დეპუტატის ცოლის და შანთაძეების საკუთრებაა.

სასტუმროს ტერიტორია 2016 წელს აჭარის ავტონომიური მთავრობისგან “აისი გოდერძის” როლანდ შანთაძემ იყიდა. 1 კვ.მ მიწაში მან 13 ლარი გადაიხადა, ჯამში 46 950 ლარი. ამ ფასად იყიდა 3 614 კვ.მ მიწა და მასზე მდგომი 330 კვ.მ ფართობის შენობა. აუქციონით ამ უძრავი ქონების შეძენას საინვესტიციო პირობებიც მოჰყვა - შანთაძეს 800 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ექვს თვეში უნდა გაერემონტებინა, ერთ წელში კი იქ საზოგადოებრივი კვების ობიექტი უნდა გაეხსნა.

 

როგორც ჩანს, როლანდ შანთაძე მალევე მიხვდა, რომ ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებდა და ვადის გადაწევა 2017 წელსვე სთხოვა მთავრობას. მომდევნო წლებში აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ცვლილებას ცხრაჯერვე დათანხმდა, თუმცა დოკუმენტებში არსად წერია, რა იყო ვადის გადაწევის მიზეზი.

 

2017-2018 წლებში შანთაძე პირობების შეუსრულებლობის გამო 10 700 ლარით დააჯარიმეს, მაგრამ არ გადაახდევინეს. შანთაძემ მეორედ დადო პირობა და ხელწერილითაც დაადასტურა, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებდა. ისევ არაფერი - “გოდერძიზე” კვების ობიექტი არადა არ ჩანდა.

 

2019 წლის აგვისტოში, როლანდ შანთაძეს აჭარის ა/რ-ის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო ემუქრებოდა - თუ პირობებს დათქმულ ვადებში (2020 წლის ივლისამდე) ამჯერად მაინც არ შეასრულებ, საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ სრულ თანხას ჩამოგართმევთო.

2019 წლის ივლისში შანთაძემ ქონება ბანკს შეაფასებინა და მის საბაზრო ფასად 408 900 ლარი დადგინდა. შანთაძის მიერ 2016 წელს 46 950 ლარად ნაყიდმა ქონებამ მას სარგებელი სხვა კუთხითაც მოუტანა. 2019 წლის სექტემბერში მან ეს ქონება, 3 614 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 330 კვ.მ შენობა-ნაგებობა ანზორ ბოლქვაძის ცოლის კომპანიას, შპს “აისი გოდერძის” აჩუქა და ვალდებულებებიც გადააბარა.

სექტემბრის შემდეგ სახელმწიფოს კომპანიის მიერ ვალდებულებების მკაცრად შესრულება აღარ მოუთხოვია, ისე როგორც ამას შანთაძის მიმართ აკეთებდა. შანთაძის მსგავსად კვების ობიექტს არც “აისი გოდერძი” ხსნიდა, მაგრამ მას მთავრობა პასუხსაც არ სთხოვდა. მას შემდეგ, რაც ეს კომპანია ბოლქვაძის ცოლის საკუთრება გახდა, ვადის გადაწევა ხუთჯერ მოითხოვა და ხუთივეჯერ უპრობლემოდ დათანხმდნენ ისე, რომ საბანკო გარანტია აღარ უხსენებიათ. არადა, შანთაძე არსად წასულა, ამ კომპანიაში მეწილეც არის და დირექტორიც.

საბოლოოდ, “აისი გოდერძიმ” სახელმწიფოსგან შეღავათიან ფასად მიღებულ ტერიტორიაზე მომგებიანი ბიზნესი წამოიწყო - 2020 წელს იქ 40- ნომრიანი სასტუმრო “არსიანი” გახსნა და კვების ობიექტის ვალდებულება ასეთი ფორმით შეასრულა - სასტუმროს პირველ სართულზე რესტორანი “არსიანი” მოაწყო.

“არსიანი” ტურისტებს მეოთხე წელია ემსახურება, ერთი ღამის საფასური კი 70-80 ლარია.

რის საფუძველზე დართეს ნება დეპუტატის ოჯახს, რომ საზოგადოებრივი კვების ობიექტის ადგილას სასტუმროც მოეწყოთ, ამ კითხვაზე პასუხი ხულოს მერიაში ვერ გაგვცეს - ჩვენი პრეროგატივა არ არისო.

ამ კითხვის დასმა  როლანდ შანთაძისთვისაც გვსურდა. ტელეფონზე რომ დავურეკეთ და სასტუმრო “არსიანი” ვუხსენეთ, გვთხოვა, საათ-ნახევარში გადმომირეკეთო. რა თქმა უნდა, დათქმულ დროს ხელახლა დავურეკეთ, მაგრამ შანთაძემ ჩვენს ზარს აღარ უპასუხა. 

ვრცლად, სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

მეტის ნახვა