ახალი ამბები • 1732172899
უწყვეტი აქციები დედაქალაქში | რა ხდება თბილისში
არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციით, აქციაზე პოლიციელებმა 12 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე წერს. მისივე ინფორმაციით, ადვოკატები, ამ დროისთვის მათი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.
დღეს, პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი აქციის დაშლა დილის 7 საათიდან დაიწყო - ადგილზე იმყოფებოდნენ რობოკოპები და გდდ-ს წარმომადგენლები. ჭავჭავაძის გამზირზე იყო წყლის ჭავლის და სახანძრო-სამაშველო მანქანებიც.
პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა აქციის მონაწილეები. არსებული ინფორმაციით, გაუშვეს წიწაკის სპრეიც.
სამართალდამცველებმა დააკავეს "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ბარამიძე დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
ამ წუთებში თბილისის ქუჩებში საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან. მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს წყლის ჭავლის მანქანისა და შსს-ს სხვა სპეცტექნიკის მოძრაობა ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე.
პარალელურად, უწყვეტი პროტესტი ამ დროისათვის მელიქიშვილის გამზირზე გრძელდება.
1731685299
1727447820