ახალი ამბები • 1750929643
დაპირისპირება ბათუმში, სკოლის მოსწავლეებს შორის - როგორია დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ბათუმის მერვე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც გუშინ, დაპირისპირების დრო დაშავდა, სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში" მიიყვანა.
კლინიკური მენეჯერის განმარტებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მიშა მჟავანაძის თქმით, ახალგაზრდას ზედა ყბისა და ცხვირის მოტეხილობა აღენიშნება. არასრულწლოვანს აქვს ტვინის შერყევაც, მსუბუქი ფორმით.
"პაციენტი შემოვიდა გუშინ, მაშინვე ჩატარდა ყველა კვლევა, მოვათავსეთ სტაციონარში. ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უგრძელდება მეთვალყურეობა, შესაბამისი კვლევებით. ცხვირის დაზიანება აქვს, არის ტვინის შერყევაც, მაგრამ მსუბუქი ფორმაა, სავარაუდოდ. აქვს ზედა ყბის დაზიანებაც, მაგრამ მცირედით", - ამბობს მჟავანაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მაღალკლასელებს შორის გუშინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

1750239638