შეუსრულებელი დაპირება და მოტყუებული ხალხი | თამარის დასახლებაში მოსახლეობა კვლავ დახმარებას ითხოვს

ხმაური იყო დღეს თამარის დასახლებაში, სადაც მოსახლეობა კერძო კომპანიის მიერ დაწყებულ მშენებლობას უპირისპირდება.  სადავოა თამარის დასახლებაში არსებული ტერიტორია, სადაც საფეხბურთო მოედანია განთავსებული.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, წინა მერისა და მთავრობის დაპირების თანახმად, სივრცე მოსახლეობის სარგებლობაში უნდა დარჩენილიყო, თუმცა დღეს მონაკვეთის შემოღობვა დაიწყო. ამას ხალხის წინააღმდეგობა მოჰყვა. 

ადგილზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც.

"ყოფილმა მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ ეზოსა და სათამაშო მოედანს არავინ შეეხებოდა. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ხალხი კვლავ მოატყუეს. კომპანიამაც, ეტყობა, ისარგებლა მომენტით — სანამ ახალი მერი გაერკვეოდა ვითარებაში, „ფაროსნებივით“ შეესია ტერიტორიას..."-აცხადებს უფლებადამცველი.

ტეროტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია.

როგორც ცნობილია, მიწის ნაკვეთი გაყიდულია და დასახლებაში მაღაზია უნდა გაიხსნას, რასაც ტერიტორიაზე მცხოვრებლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან კვლავ დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და საკუთრებას, რომლითაც წლების მანძილზე სარგებლობდნენ, არ დათმობენ. მათივე თქმით, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ადგილზე, არა სავაჭრო ობიექტის, არამედ სტადიონისა და საბავშვო ატრაქციონების აშენებას დაჰპირდათ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანიას მოქალაქეებმი უპირისპირდებიან. თამარის დასახლებაში მცხოვრებლებს აღნიშნული მოთხოვენებით აქცია არაერთხელ გაუმართავთ. 

მეტის ნახვა