როგორ ფერებში მოვრთოთ 2026 წელს ნაძვის ხე

2026

როგორ ფერებში მოვრთოთ 2026 წელს ნაძვის ხე
მოახლოვდა საახალწლო სეზონი - წელიწადის ყველაზე ფერადი და ჯადოსნური დრო. დეკემბრის დადგომას თან სდევს სადღესასწაულო განწყობა. გარშემო ყველგან საშობაო დეკორაციებია, ქუჩები ციმ-ციმა განათებებით ირთვება, მაღაზიებიდან საახალწლო მუსიკა ისმის, ჰაერში დარიჩინის სურნელი ტრიალებს, საშობაო ბაზრობებზე ჩურჩხელას, გლინტვეინს და ხელნაკეთ სუვენირებს გვთავაზობენ.

დროა, შენც დაიწყო ნაძვის ხის მორთვაზე ფიქრი. წელს რომელი ფერებია აქტუალური და რა უნდა გაითვალისწინო დეკორაციების შერჩევისას? - მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი, რას გვირჩევენ 2026 წელს ასტროლოგები და ინტერიერის დიზაინერები.

იღბლიანი ფერები წითელ ცეცხლოვან ცხენის წელს
2026 წელი წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელია. ჩინურ ჰოროსკოპში ეს სიმბოლო თავისუფლებასთან, სილაღესთან და სიახლეებთან ასოცირდება, ამიტომ, როგორც ასტროლოგები გვპირდებიან, დამდეგს გარდამტეხ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

ცხენის დაუდეგარი, შეუპოვარი ბუნების აღსანიშნად, ამ წლის ფერთა გამაში წითელი ჭარბობს. ამიტომ, ნაძვის ხის სათამაშოები, განათებები, ოთახის დეკორი და სუფრის გასაფორმებელი ორნამენტებიც აჯობებს ხასხასა წითელ, შინდისფერ, ბროწეულისფერ, ლალისფერ და ძოწისფერ ფერებში შევარჩიოთ. წითელთან ერთად შეგიძლია გამოიყენო ოქროსფერი, ნარინჯისფერი და ყვითელიც. ეს ფერები ერთმანეთს იდეალურად ესადაგება და სივრცეში სადღესასწაულო განწყობა შემოაქვთ. შინდისფერი ბაფთები და ოქროსფერი ბურთები ამ წელს იღბალსა და წინსვლას მოგიტანს. 

 

ფერების სიმბოლური დატვირთვა:


წითელი - ჩინეთში წითელი ზეიმისა და წარმატების ნიშანია. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ფერი მარტივად იქცევს ყურადღებას, ინტერიერში ხშირად იყენებენ იმ საგანზე აქცენტის გასაკეთებლად, რომლის გამოკვეთაც სურთ. ასოცირდება ენერგიულობასთან, სიყვარულთან, ვნებასთან, ბრაზთან, საშიშროებასთან, ძალაუფლებასთან, იმპულსურობასთან.

ნარინჯისფერი - ნარინჯოსფერი უფრო ნაკლებ აგრესიულია, ვიდრე წითელი ფერი. ასოცირდება ბედნიერებასთან, ბალანსთან, სიცხესთან, ცეცხლთან.

ყვითელი - ყვითელს, მსგავსად წითლისა, ორმხრივი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ ის სიხარულის, ჟრიამულისა და მხიარულების ფერია, ხოლო მეორე მხრივ, ტყუილთან და სიხარბესთან ასოცირდება.


გაიგე მეტი - როგორი იქნება წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი

ბუნებრივი დეტალებით მორთული ინტერიერი 


თუ უფრო მოკრძალებულ, სადა საახალწლო დეკორაციებს ეძებ, დიზაინერები სივრცეში ბუნებრივი ელემენტების შეტანას გვთავაზობენ. შეგიძლია, მორთვისას გირჩები, გამომშრალი ხილი და წიწვები გამოიყენო. წელს ასევე აქტუალურია ხელნაკეთი ნაძვის ხის სათამაშოები. ეს არის ორიგინალური გადაწყვეტა. დახვეწილი, მინიმალისტური სტილი მნახველს გულგრილს არ დატოვებს და აუცილებლად მოახდენს შთაბეჭდილებას. ამ შემთხვევაში, ინტერიერში ჭარბად შეგიძლია გამოიყენო მწვანე და მოყავისფრო დეტალები.

 

ფერების სიმბოლური დატვირთვა:


მწვანე - მწვანე სიცოცხლისა და  განვითარების ფერია. მწვანე ხშირად ასოცირდება იმედთან, სულიერებასთან, სიცოცხლესთან, განახლებასთან, სიმდიდრესთან, წარმატებასთან.

ყავისფერი - ყავისფერი არის ბუნების ფერი, თბილი და ნეიტრალურია. ამ ფერს ხშირად ზედმეტად „მოწყენილ“ ფრად აღიქვამენ, თუმცა ეს შეხედულება მცდარია, რადგან ყავისფერი გამჭრიახობის, სიცოცხლის, უბრალოების, მეგობრობის, ჯანმრთელობის ფერია.

თანამედროვე ავანგარდული სტილი
თუ გსურს, 2026-ს ავანგარდულ სტილში გადაწყვეტილი ინტერიერით შეხვდე, შეგიძლია, ოთახი და ნაძვის ხე მეტალის ან მინის დეკორაციებით მორთო. ვერცხლისფერი, ცისფერი, თეთრი ფერები ახალ წელს ყოველთვის აქტუალურია და გამონაკლისი არც ამჯერად იქნება. ეს ფერთა გამა სტუმარს სუსხიან საოცრებათა ქვეყანაში გადაისვრის. თითქოს, შენც ზღაპრის ნაწილი ხდები და მალე საიდანღაც ყინულის დედოფალი მოსრიალდება თავისი ციგით. 

ცისფერი - ცისფერი ნდობის აღმძვრელი ფერია. ასოცირდება დაცულობასთან, პროდუქტიულობასთან, მშვიდობასთან, ზამთართან.

 


თეთრი - თეთრი გამოხატავს სისუფთავეს, სიფაქიზეს, სინაზეს, ნეიტრალიტეტს, ახალგაზრდობას. ის ასევე ასოცირდება ზამთართან, სიცივესთან, სუსხთან.

 

შეჯამებაერთი სიტყვით, ამ წელს ფერების დიდი არჩევანი გაქვს. იმის მიხედვით, როგორი განწყობის შექმნა გსურს ოთახში, შეგიძლია, შესაბამისი სიმბოლური დატვირთვის ფერები აირჩიო. თუ ასტროლოგებს დავუჯერებთ, წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი ცვლილებების მომტანია. ამიტომ, ჩვენც იმედებით უნდა შევხვდეთ 2026-ს.

მეტის ნახვა