სამოქალაქო თავდაცვისთვის უსაფრთხო ადგილები ბათუმში

ბუნკერები და მიწისქვეშა გადასასვლელები, მეტროები და სარდაფები როგორც სამოქალაქო თავდაცვის საშუალებები. საბჭოთა კავშირის პერიოდში, მსგავსი სივრცეები საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიების დროს, შედარებით უსაფრთხო ადგილებად მიიჩნეოდა და აქტიურად გამოიყენებოდა. ასეთი არაერთი ტერიტორია ბათუმშიც არსებობს, თუმცა მათ შესახებ ნაკლებად ვიცით,მათი დიდი ნაწილი პრივატიზებულია ან უყურადღებობის გამო გამოუსადეგარია. „მაცნეს“ გადამღები ჯგუფი ეცადა, დღეს ქალაქის მასშტაბით არსებულ მდგომარეობას გაცნობოდა, რათა იცოდეთ,სად და როგორ დაიცვათ თავი, შენობის ჩამონგრევის, ნანგრევებში მოყოლის, მიწისძვრის, წყალდიდობის ან საგანგებო სიტუაციების დროს.

იმისთვის, რომ ავიათავდასხმების ან ატომური ბომბის აფეთქების შემთხვევაში, მოქალაქეებს  თავის შეფარება შეძლებოდათ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საქართველოში აშენებულ შენობებში სპეციალურ სარდაფებს აწყობდნენ.  ასეთ ადგილს სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობები ერქვა. ბათუმის ქუჩებში, დღემდე ნახავთ კორპუსებს, რომელსაც, შემორჩენილი აქვს, ე. წ. ბუნკერი. სპეციალისტების თქმით, საბჭოთა კავშირის პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრი ბუნკერი და მიწისქვეშა გვირაბი ფუნქციონირებდა, რომელთა ძირითადი ნაწილიც, დღეს, პრივატიზებული ან უყურადღებობის გამო გამოუსადეგარია. მოქალაქეების ნაწილმა, შეიძლება არც კი იცოდეს, საცხოვრებლის ქვემოთ არსებული ფართის არსებობის  და დანიშნულების შესახებ.

სამოქალაქო თავდაცვის ადგილები ყველა აუცილებელი ნივთით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი,  რაც საჰაერო ან ატომური თავდასხმის დროს შეიძლებოდა დასჭირვებოდათ მოქალაქეებს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მუშაობს თუ არა ჰაერის გამწმენდი და წყლის სატუმბი, რათა ხალხის მასობრივი თავშეყრის შემთხვევაში, რთული სიტუაცია არ შექმნილიყო.  აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დროს, ბათუმში, არსებობდა „საქალაქმშენ სახპროექტი“, სადაც ქალაქში ასაშენებელი სახლები პროექტდებოდა. ნახაზში აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობები, შესაბამისი დაგეგმარებით, როგორიცაა, კედლების სისქე და მდგრადობა. აშენების შემდგომ კი, ყველა ობიექტს ექსპერტიზა უტარდებოდა.

საცხოვრებლების სარდაფების გარდა, ქალაქში, კიდევ რამდენიმე თავშესაფარი ფუნქციონირებდა.  ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ბათუმის სამუსიკო სასწავლებლისა და ბათუმის მერიის ქვეშ გადის. წლების წინ, მისი რემონტიც კი განხორციელდა. აქ, დღემდე რჩება კვალი, თუ რისთვის შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული აღნიშნული ტერიტორია.  საბჭოთა პერიოდში, მოქალაქეებს, სამხედრო გაკვეთილის ფარგლებში,

ამ ნაგებობების დანიშნულებასაც ასწავლიდნენ. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამ თავშესაფრებს აღარავინ  აკონტროლებდა. დღემდე,  უფუნქციო და მივიწყებულია.

იმ ფონზე, როცა მეგობარ ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, არავინ იცის, რა ზრახვები აქვს სამყაროს ყველაზე დიდ ბოროტმოქმედ პუტინს, საქართველოსთან მიმართებით. ომის კრიმინალად შერაცხულმა დიქტატორმა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება 2008 წლის აგვისტოში უკვე მოახდინა. რამდენად მზადაა ქვეყანასთან ერთად, ბათუმი საგანგებო სიტუაციებისა და ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში თავის დასაცავად და რა მექანიზმები არსებობს ამისთვის? კითხვებზე პასუხი ბათუმის მერიას არ აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ, თავშესაფრებისა და ბუნკერების დამსახურებაა, რომ  უკრაინაში, ათასობით მოქალაქე, ბომბებს გადაურჩა.

მეტის ნახვა