უკიდურესად გაჭირვებული ცეცხლაძეების თხოვნა ხელისუფლებას

ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა  - მსგავსი შინაარსის განცხადებები ხელისუფლებაში ხშირად კეთდება. თუმცა, ერთია რას ვისმენთ და მეორე - რას ვხედავთ. ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის გმირი კარგად აღწერს იმ რეალობას, რომელშიც მას ოჯახთან ერთად, არსებობისთვის უწევს ბრძოლა. ცეცხლაძეების წინაშე მდგარი გამოწვევები, კიდევ ათასობით ადამიანის სატკივარია. ერთი კონკრეტული ოჯახის სათქმელი და ხელისუფლების პასუხები თამარ კიკნაძის სიუჟეტში.

ჩვენი სიუჟეტის გმირს, ჩაქვში, სოფელ შუამთას ცენტრში შემთხვევით შევხვდით. პრობლემებით დამძიმებულმა 64 წლის კაცმა გასაჭირი გაგვიზიარა. ბევრი არ გვიფიქრია, გზას გადავუხვიეთ და ომერ ცეცხლაძეს, შინ გავყევით.

რთული ცხოვრება აქვს. ბევრი რამ აკლია და არსებობისთვის იბრძვის, თუმცა მისი მთავარი გასაჭირი დღეს ავარიული საცხოვრებელია. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თავზე აწვიმს. სახურავი, სიძველისგან ისეა დაზიანებული, უამინდობისას, ყველგან წყალი ჩასდის. შეკეთებას, დიდი ხანია აღარ ექვემდებარება. მუშაობს, მაგრამ ხელფასი იმდენად მწირი აქვს. ვერასოდეს შეძლო, მის გამოსაცვლელად თანხა დაეგროვებინა.

როგორია ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა, კადრები კარგად დაგარწმუნებთ. ამ სიდუხჭირეში კი  თანდათან იმასაც კარგავს, რაც გააჩნია, რადგან წვიმის წყალი ყველაფერს ანადგურებს.

დახმარებას წლებია ითხოვენ. წერილებს აჭარის მთავრობასაც სწერენ და ქობულეთის მერიასაც, თუმცა როგორც ამბობენ, არავინ რეაგირებს. უფრო სწორად, როგორც ცეცხლაძეები ყვებიან, გასული საარჩევნო წლები დაპირებებით გაიყვანეს, ბოლოს კი უარით გაისტუმრეს.

რა გამოსავალი შეიძლება შესთავაზოს სოფლის მაჟორიტარმა ოჯახს, ან რას სთავაზობს მხარდაჭერისთვის „ქართული ოცნება“ ცეცხლაძეებს, საკრებულოს წევრებს სათქმელი არ აღმოაჩნდათ. მათ, მერიისკენ მიგვითითეს, თუმცა ქობულეთის მერიაში ჩვენთვისაც იგივე პასუხი აქვთ - შესაბამისი პროგრამა, დახმარებისთვის ამ ეტაპზე არ გააჩნიათ.

ასაკოვანი ცოლ-ქმარი ქრონიკული პაციენტები არიან. ამბობენ, რომ მწირი შემოსავლით, საჭირო წამლებს პრიორიტეტის მიხედვით ყიდულობენ, რადგან სხვაგვარად პურს და შაქარს ვერ მოიმარაგებენ. უზრუნველი ცხოვრება არც მათ შვილებს აქვთ. ცდილობენ, თუმცა გამოსავალს ვერ პოულობენ, არც სამსახურია და არც ღირსეული ანაზღაურება. ისევ დახმარებას ითხოვენ. ომერ ცეცხლაძე ჭიშკართან ლოცვით გვაცილებს. მომზადებულ სიუჟეტს, პატივისცემაში გვითვლის და იმედოვნებს, რომ ყველაფერი ამაოდ არ ჩაივლის.

მეტის ნახვა