ვინ მიიღებს მწვანე სტატუსს - NCDC განცხადებას ავრცელებს

მწვანე პასპორტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამირან გამყრელიძის დღევანდელ განცხადებას აზუსტებს და განმარტავს, რომ მწვანე სტატუსს/კოვიდბარათს ის კოვიდგადატანილი ადამიანები მიიღებენ, რომელთა ტესტის პასუხიც 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე, რიგი მიზეზების გამო, ბაზაში არ ასახულა.

"ეს ადამიანები კოვიდ-გადატანილის სტატუსითა და „მწვანე ბარათით“ ისარგებლობენ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში;

ბ) COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და/ან სასტუმროში;

გ) იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის / დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ელექტრონულ ბაზაში.

ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში, სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას". - ამბობენ NCDC-ში.

შეგახსენებთ, 2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდა. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შედიან.

მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.

მეტის ნახვა