რა შემთხვევაში მიიღებს მოქალაქე "მწვანე პასპორტს" თუ არ გატესტილა, მაგრამ ჰქონდა კოვიდის სიმპტომები - ამირან გამყრელიძის განმარტება

მწვანე პასპორტი

"პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კოვიდგადატანილებად ჩაითვლებიან", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, მათ "მწვანე პასპორტებიც“ მიეცემათ.

„სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი - თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის განმარტებით, 1-ელი თებერვლიდან, დროებით, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შეჩერდება.

მისი თქმით, რეგულაცია ყველა იმ დაწესებულებას შეეხება, რომლებსაც თანამშრომლების ტესტირების ვალდებულება ჰქონდათ.

„დღეს შევედით საბჭოზე წინადადებით, რომ 1-ელი თებერვლიდან, დროებით, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით, იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირებაზე. სიმპტომებიანი ადამიანები სასურველია ყველა გაიტესტოს და დადასტურდეს, რომ არის ინფექცია. იქ, სადაც სავალდებულო იყო, უსიმპტომო ადამიანებს ჩვენ ვტესტავდით. დღევანდელი წინადადება არის, რომ თებერვლიდან შევაჩეროთ ეს და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანის ტესტირება როგორც სწრაფი, ასევე PCR ტესტებით. ადამიანებს თუ აქვთ სიმპტომები, იქ ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ, სასურველია, რომ სიმპტომების შემთხვევაში ისინი გადავიდნენ იზოლაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მეტის ნახვა