როდის აღდგება სტიქიის შედეგად მოშლილი სანაპირო ქობულეთში

დამანგრეველი შტორმი ქობულეთში, რომლის შედეგად სანაპირო ზოლი განადგურდა. გასული წლის ნოემბერში, სტიქიის შედეგად პლაჟი მოიშალა, დაინგრა კაფე-ბარები, მიმდებარე ტერიტორიაზე დაიტბორა საცხოვრებლები. წყალმოვარდნების შედეგად დაზიანებული საპლაჟო ინფრასტრუქტურა კვლავ მოუწესრიგებელია. ზაფხულის სეზონის მოსვლამდე მისი მოწესრიგების აუცილებლობაზე საუბრობენ მოქალაქეები. თემაზე დღეს ოპოზიციამ ბრიფინგი გამართა. რა თქვეს მუნიციპალიტეტის მერიაში? თეო ფუტკარაძე გიამბობთ.

ეს კადრები 27 ნოემბრით თარიღდება. ქობულეთში სტიქიის შედეგად სანაპირო ზოლი მაშინ  მთლიანად განადგურდა. დაზიანდა ბულვარი და საცხოვრებლები სახლები. დამანგრეველი შტორმის შემდეგ 4 თვე გავიდა, ქობულეთის ზღვისპირა ინფრასტრუქტურა კი დღემდე არ აღდგენილა. მოაჯირები ასეთ მდგომარეობაშია, საფეხმავლო ბილიკები ქვიშითაა დაფარული.

ქობულეთი ერთ-ერთი ზღვისპირა კურორტია, რომლის სანაპირო სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.  მას  ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან სწორედ ფიჭვნარისა და პლაჟის გამო სტუმრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ დამანგრეველი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი თუ დროულად არ აღდგება, ტურისტული სეზონი ჩავარდება და ზაფხულში შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

ადგილობრივები შტორმისგან გამოწვეული ზიანის აღდგენის  გარდა, საპლაჟო ინფრასტრუქტურის განახლებას ითხოვენ.

8 ბალიანი შტორმის მძიმე  შედეგებზე დღეს კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ოპოზიციაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ,  ქობულეთი სეზონს მოწესრიგებული უნდა შეხვდეს.

რა გეგმა აქვს ქობულეთის მერიას სანაპირო ზოლის მოწესრიგებასთან დაკავშირებით? მერის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ტენდერი გამოცხადებულია, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და მათი ძირითადი ნაწილი ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება. დავით ვერულიძის მტკიცებით, განახლდება საპლაჟო ინფრასტრუქტურაც.

დამანგრეველი შტორმი ქობულეთში გასული წლის ნოემბერში იყო. სტიქიის შედეგად განადგურდა სანაპირო ზოლი, დაინგრა კაფე-ბარები, დაიტბორა საცხოვრებლები. დაზარალებული მოქალაქეები დღემდე დახმარების მოლოდინში არიან.

მეტის ნახვა