"შავ ზღვაში შხამიანი და საფრთხის შემცველი თევზის მოპოვების ფაქტები დაფიქსირდა" | არჩილ გუჩმანიძე

თევზი

შავ ზღვაში შხამიანი და საფრთხის შემცველი თევზის მოპოვების ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ სპეციალისტი, არჩილ გუჩმანიძე წერს. გუჩმანიძე აღნიშნავს, რომ მისი ინვაზიის შემთხვევაში შეიძლება საფრთხე შეემქნას როგორც ეკოსისტემას და ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანების ჯანმრთელობას.

"შავ ზღვაში კვლავ დაფიქსირდა თევზ ფუგუს (რომლისგანაც ცნობილი იაპონური წვნიანი მზადდება) ახლო ნათესავის - ვერცხლისფერი მუცელეკლიანის (Lagocephalus sceleratus) მოპოვების ფაქტები, ესაა ტოქსიკური თევზი, რომელიც ინვაზიის შემთხვევაში რეალურ საფრთხეს შეუქმნის, როგორც ეკოსისტემას და ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანების ჯანმრთელობას. ეს თევზი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მკვიდრია. ის ხმელთაშუა ზღვაში სუეცის არხის გავლით შევიდა და 2014 წლიდან შავ ზღვაში გამოჩენაც დაიწყო."-აღნიჩნვს არჩილ გუჩმანიძე.

გუჩმანიძის თქმითვე, ტეტრაოდონის სხეულში არსებული ნეიროტოქსიკური ნივთიერება ტეტროდოტოქსინის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფატალური მოწამვლა, თუ მას საკვებად არასათანადოდ დამუშავებულს მოიხმარენ.

"ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ძლიერი ნეიროტოქსიკური ნივთიერება ტეტროდოტოქსინი, რომელიც ტეტრაოდონის სხეულშია. ამ შხამის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფატალური მოწამვლა, თუ მას საკვებად არასათანადოდ დამუშავებულს მოიხმარენ.

გარდა იმისა, რომ თევზი საფრთხეს უქმნის ადამიანებს, მას აქვს უკიდურესად ძლიერი ყბები და ეკლები, რომლებიც აზიანებს სათევზაო ბადეებს, თოკებს და დაჭერილ თევზს. იკვებება მოლუსკებით, თევზებითა და კიბოსნაირებით, რითაც ანაცვლებს ადგილობრივ სახეობებს. ხმელთაშუა ზღვაში მისმა არსებობამ მეთევზეებისთვის უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. მისი ინვაზიის შემთხვევაში შავი ზღვაშიც ეკონომიკური ზარალი დიდი იქნება.

კლიმატის ცვლილებისა და წყლის ტემპერატურის მატების გამო, ტეტრაოდონს აქვს შავ ზღვაში აქტიური გავრცელების პოტენციალი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის თევზჭერასა და ეკოლოგიურ ბალანსზე."- წერს გუჩმანიძე

არჩილ გუჩმანიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თევზის აღმოჩენის შემთხვევაში, გადაიღონ ფოტო ან ვიდეო და აცნობონ სპეციალისტებს.

მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. თუ უცნობ თევზს აღმოაჩენთ, უნდა გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო, ჩაიწეროთ აღმოჩენის ადგილმდებარეობა და გვაცნობოთ. ეს მონაცემები მეცნიერებს ინვაზიური სახეობების გავრცელების უკეთ თვალყურის დევნებაში დაეხმარება. "- წერს სპეციალისტი, არჩილ გუჩმანიძე.

მეტის ნახვა