"მაგთის" 300-მდე თანამშრომელი გაიფიცა - რას ითხოვენ კომპანიაში დასაქმებულები?

გაფიცვა „მაგთიში“. ქვეყნის მასშტაბით, კომპანიის 300-მდე თანამშრომელი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვს. დასაქმებულები, ამ მოთხოვნებით, ბათუმის ცენტრალურ ოფისშიც შეიკრიბნენ.

ამბობენ, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, შეუსაბამო ანაზღაურება აქვთ, ადმინისტრაცია კი პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს.

TV25.GE კომპანიის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, სადაც სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ. აქ ამბობენ, რომ თანამშრომლებს ხელფასები უკვე გაეზარდათ.

"მაგთიკომის თანამშრომლების გარკვეული ჯგუფი ითხოვს სამუშაო პირობების გადახედვას. მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის განმუხტვას გონივრულობის ფარგლებში.

მნიშვნელოვანია, რომ როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო,  მაგთიკომში ხელფასები  მინიმუმ 10%-ით გაიზარდა და ეს შეეხო უკლებლივ ყველა თანამშრომელს. რეგიონის ინჟინერ-ტექნიკოსებს კი, ხელფასები გაეზარდათ 23%-ით.

მაგთიკომში გარკვეულ ჯგუფებზე მოქმედებს საბონუსე სისტემა. ბონუსები მიიღეს იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც დღეს  სამუშაო პირობების გადახედვას ითხოვენ.

კოვიდპანდემიის პერიოდში  კონკრეტულად ინჟინერ-ტექნიკოსების ჯგუფებზე მაგთიკომის მიერ გაცემულმა ბონუსმა თითქმის 3 მილიონი ლარი შეადგინა.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაგთიკომის ოპერირების ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი იმისა, რომ თანამშრომელს ხელფასი დანიშნულ დღეს არ მიეღოს. მაგთიკომი გადადგამს შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად", - გვითხრეს "მაგთიში".

მეტის ნახვა