საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის 28 მაისს ახალი გადაწყვეტილება მიიღო. საკონსტიტუციომ ანტიკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის ის ჩანაწერი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრებას სავალდებულოდ მიიჩნევს და იმ შემთხვევაში "თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს [მოსამართლის] გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ“.

ანუ, გამოდის, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვისას პასუხისგებაში მიცემული პირის პროცესზე დასწრება, ძირითად შემთხვევებში, სავალდებულო აღარ იქნება.

სარჩელის ავტორები ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე იყვნენ.

„მხარეთა პოზიციების შეჯერებისა და გასაჩივრებული რეგულაციის ანალიზის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული საფუძვლით, პირისათვის თავისუფლების უფლების შეზღუდვას არ გააჩნდა საჯარო ლეგიტიმური მიზანი და ატარებდა თვითნებურ ხასიათს. შესაბამისად, სადავო ნორმა წარმოადგენდა თავისუფლების უფლების შეზღუდვის თვითმიზნურ საშუალებას, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით,“ – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა