ახალი ამბები • 1748595600
ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეეცვალა

ნიკა მელიას აღკვეთის სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილების გამოცხადებას "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი არ დასწრებია. მას შემდეგ, რაც მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა, მოსამართლემ ის პროცესიდან გააძევა.
"თქვენ ხართ თანამონაწილე, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთი რგოლი ხართ, როდესაც კითხვაც კი არ გიჩნდებათ აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა და რატომ გამიტაცა, რატომ დააზიანა მანქანებში დამონტაჟებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობები. არ გიჩნდებათ კითხვები.ხართ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით, მომდევნო სამი წელიწადი დაგაკვირვებდათ ჩინჩალაძე, მურუსიძე, რამდენად მორჩილი იქნებით და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას "- მიმართა მოსამართლეს ნიკა მელიამ და წყალი შეასხა.
ნიკა მელია გუშინ, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ის სამოქალაქო სასამართლოში მიიყვანეს, იმის მიუხედავად, რომ პროცესზე დასწრებას არ აპირებდა.
"საღამოს 9 საათზე, 2 მანქანით გადავაადგილდებოდი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და 9 საათზე იყო სოციალურ პლატფორმაზე გადაცემა "ორ ცეცხლს შუა", ამ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი. სულ რაღაცა 2 კმ იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გატაცებადა არანაირი დაკავება. გააჩერა მოულოდნელად ე.წ. საპატრულო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, პატრულის ფორმაში გამოწყობილმა პირმა მძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო მისი გამომეტყველებითაც, რომ ყველაფერი აინტერესებდა გარდა მართვის მოწმობისა და ამ პროცესში, როდესაც ჯერ კიდევ მძღოლს მართვის მოწმობა გადაცემული არ ჰქონდა, მის ე.წ. რაციაში კითხვა გაისმა, რაც გავიგეთ მეც და მძღოლმაც - ეტყობა ხელმძღვანელმა ჰკითხა, "ობიექტი თუ იჯდა მანქანაში". გასაგები იყო უკვე რაც ხდებოდა. არსაიდან, მე რაც დავინახე, დაახლოებით 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, სადაც მე ძალის გამოყენებით მომათავსეს. არანაირი ნიშან-წყალი, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები, მათ ქმედებაში, გამომეტყველებაში, საუბრის მანერაში არ იყო. მოხდა გატაცება ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით, მანქანაში ჩატენვა, ამის შემდეგ ძალის გამოყენებით მობილური ტელეფონის წართმევა...
რა სისულელე კითხვებია?! არა, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ვიკავებ თავს, მაგრამ შეიძლება მაინც გითხრათ, ცოტა ხანში..."-თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე
მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მან გადახდაზე უარი განაცხადა. პოლიტიკოსის საქმეზე არსებითი განხილვა 12 ივნისს დაიწყება. პროცესი 12:00 საათზე ჩაინიშნა.

1746602495

1739131407