მაკრონმა ივანიშვილისგან დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა – ელისეს სასახლე

მაკრონი

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„ოცნების“ ცნობით, მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს, საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.

„ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა“, — ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ელისეს სასახლის ცნობით, კი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი ინიციატივით ესაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვა.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ და მოითხოვა, გაათავისუფლონ ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს და პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და თქვა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაზე აუცილებლად იმოქმედებს მიღებული გადაწყვეტილებები“, —
ნათქვამია ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მანამდე ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა.

მეტის ნახვა