სააკაშვილის დაპატიმრებიდან 3 წელი გავიდა

მიხეილ სააკაშვილი

“დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ”- ამ სიტყვებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა  ზუსტად 3 წლის წინ საზოგადოებას ფეუისბუქით საქართველოში დაბრუნება ამცნო. მოგვიანებით, მან უკვე ბათუმიდან ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება  მთელი დღის განმავლობაში დაჟინებით ამტკიცებდა, რომ  სააკაშვილი ქვეყანაში  ვერ შემოვიდოდა, რადგან მას საზღვარზე დააკავებდნენ. მამუკა მდინარაძე იმასაც ირწმუნებოდა, რომ მესამე პრეზიდენტი კურორტ ტრუსკავეცში იყო.

1-ელი ოქტომბრის დილით გავრცელებულ განცხადებაში შსს ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს საზღვარი გადმოკვეთილი არ ჰქონდა. დღის ბოლოს,  შს მინისტრ გომელაურთან და სუს-ის უფროს ლილუაშვილთან ერთად, ბრიფინგზე გამოსულმა ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იყო.

მესამე პრეზიდენტი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით, მის წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქმე აღძრა. ასევე, დააპატიმრეს ყველა, ვინც მას ქვეყანაში შემოსვლაში დაეხმარა. 20 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების შემდეგ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მან იმავე საღამოს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50 დღეს გაგრძელდა. მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად აქციები იმართებოდა როგორც რუსთავის, ისე გლდანის დაწესებულებებთან, ასევე გორის ჰოსპიტალთან.

2023 წლის მაისში, მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივა მედში გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება. 

მეტის ნახვა