ახალი ამბები • 1685519059
ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციას დარღვევებით ავსებს - "გამჭვირვალობის" ანგარიში

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში.
შესწავლით დადგინდა, რომ:
ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს
2022 წელს ბიუროს არც ერთი დეკლარაცია არ გადაუგზავნია პროკურატურისთვის
შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო
უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების 78%-ში ოჯახის წევრების მონაცემები იყო არასწორად მითითებული
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის საფუძველზე შემოწმებულ დეკლარაციათა 95%-ში დარღვევა დადასტურდა
TI წერს, რომ 2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 346 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა, საიდანაც 181 (52%) დარღვევებით იყო შევსებული. ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჯარიმდა 136 თანამდებობის პირი, ხოლო გაფრთხილება მიიღო 45-მა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა, 52% მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ყოველი მეორე დეკლარაცია არასრული და ხარვეზიანია.
TI-ის ცნობით, 2022 წელს დეკლარაცია დარღვევებით ყველაზე ხშირად საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს (83%).
"2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რადგან შარშან დეპუტატთა დეკლარაციების 42% შეფასდა უარყოფითად. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით, 3-ჯერ მეტი დეპუტატის დეკლარაცია შემოწმდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ჩვენი კვლევის შედეგებს ეყრდნობოდა", - წერია განცხადებაში.
დარღვევების მაღალი მაჩვენებელი აქვთ: სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს (67%), მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს (55%). რაც შეეხება საიდუმლო თანამდებობის პირებს, 2022 წელს 27 ასეთი დეკლარაცია შემოწმდა და დარღვევა 11-ში (41%) აღმოჩნდა.

1683875927