ბაკალავრის წითელი დიპლომი და კურიერის ლურჯი ჩანთა

კურიერი

ძალიან ჩვეულებრივი დღე იყო, იმდენად ჩვეულებრივი, ამინდის აღწერაც რომ არ არის საჭირო. ან შეიძლება, ჩემთვის გახდა ყველა დღე და ამინდი ერთფეროვანი, არ ვიცი… 

“37 ლარი და 70 თეთრი” - დაეწერა ჩემი გატეხილი ტელეფონის ეკრანზე. სახე კმაყოფილებით გამებადრა, 4 საათის გამომუშავებულ თანხას რომ შევხედე. ამ დროს, მაკდონალდსის წინ ვიჯექი და ჩემს მწვანე ველოსიპედთან ერთად ველოდებოდი მორიგ შეკვეთას. ტარიფი იმ მომენტში საკმაოდ დაბალი იყო, რის გამო ცოტა კურიერი ვიყავით სამუშაოდ გამოსული. თანდათან მზემაც გამოანათა და ეს სრულიად საკმარისი იყო, კიდევ ორი საათით მეტარებინა შეკვეთები. ჰოდა… მორიგი, არაფრით გამორჩეული  შეტყობინებაც მივიღე:  “ბიგმაკის მაკმენიუ, პატარა კოლა და ,,ხახვის გარეშე’’. არ ვიცი ეს სულელური დეტალები რატომ ან როდის დაიმახსოვრა ჩემმა ტვინმა.  თუმცა, რა გასაკვირია, გონება  ხომ ზოგჯერ მტვერსასრუტივით ისრუტავს ყველას, რაც კი გზას შეხვდება.

შეკვეთა ,,საქართველოს უნივერსიტეტში’’ უნდა მიმეტანა. 7 თვის წინ, ამ ადგილიდან დიპლომი წამოვიღე, ბოლოს კი ბიბლიოთეკით სარგებლობის სურვილი რომ გამიჩნდა, უარით გამომისტუმრეს.  თეთრ პლასტმასის ჯიხურში გამოკეტილმა დაცვის თანამშრომელმა მითხრა,  რომ სტუდენტის სტატუსი აღარ მქონდა აქტიური და სივრიცით ვეღარ ვისარგებლებდი,  50 ლარს არ გადავიხდიდი. არ ვიცი, ეს ყველა უნივერსიტეტის შინაგანა წესია თუ არა, მაგრამ მოცემულობა ძალიან მესევდიანა.

ახლა, ამ ინციდენტის შემდეგ აღარ ვიცოდი, მინდოდა თუ არა იქ მისვლა. საკუთარ თავს ვძლიე და მივედი, მაგრამ თავი ათასი ფიქრით მქონდა გამოტენილი. ზუსტად 12 წუთში “საქართველოს უნივერსიტეტის” შესასვლელთან ვიდექი. დაცვას ჩვეული ადგილი დაეკავებინა. ველოსიპედი გარეთ დავტოვე, მტკიცე ნაბიჯით წავედი ეზოში შესასვლელი კარისკენ. ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ უპირობოდ შევიდოდი შიგნით, რადგან პირდაპირი, ცისფერი ბილეთი მქონდა ზურგზე მოგდებული,  რომელსაც ,,ვოლტ პარტნერ ქოურიერ’’ ეწერა.

ხუთი წლის წინ, უნივერსიტეტის ამ კართან ვიდექი, დიდი მიზნებითა და ამბიციებით აღსავსე. ახლაც ჩამესმოდა ის ფრაზები, რომელიც მარწმუნებდა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა, თუ კი ვიშრომებდი. მეცინება… მე ჩემსას არ ვაკლებდი, ამას სტიპენდიაც მიდასტურებს და სადიპლომო ფურცელში ასახული უმაღლესი ქულები.

ასეთი მძიმე შეკვეთა, მსუბუქი ჩანთით არსად მიმიტანია. სახელს ვერ ვარქმევ, რა გრძნობათა კორიანტელი იყო ჩემს სხეულში. უბრალოდ, იმ მომენტში თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი.

დერეფანში ჩემი ერთ-ერთი საგნის ლექტორის შევნიშნე, ინსტინქტურად ჯიბიდან დაკუჭული პირბადე ამოვაძვრინე და სახეზე ავიფარე. ვერ მივხვდი, სუნთქვის გაძნელება უჰაერობამ გამოიწვია თუ ყელში მობჯენილმა ბურთმა.  სწრაფად გამოვბრუნდი უკან.

ამინდი თბილისისთვის დამახასიათებელ უხეშ, ცივ ფერებში იყო, ქარს ჩემი ველოსიპედი დაენარცხებინა ძირს. სწრაფად გავასწორე, უთავო მხედარივით შემოვაჯექი და გზა ემოციებით გადატვირთულმა განვაგრძე. ერთი კიდევ მივიხედე უკან, დავამუხრუჭე და ღიმილნარევი მივაშტერდი უნივერსიტეტის კორპუსზე, სისხლისფერი ასოებით დაწერილ “თუ სწავლა გინდა-ს”.

ჩემს უნივერსიტეტს საამაყოდ აქვს, 96% გვყავს დასაქმებულიო. დავინტერესდი, მეც შევდიოდი ამ პროცენტულობაში? ამაში პროფესიით დასაქმებულებს  გულისხმობენ თუ უბრალოდ დასაქმებულებს.

სახლში მივედი. ორი დღე თავში მიტრიალებდა კითხვა: ვიყავი მე 96%-ის ნაწილი?

გამახსენდა, ერთხელ მეც დამირეკეს შეკითხვით, ვიყავი თუ არა დასაქმებული. განვუმარტე, რომ ვმუშაობდი, მაგრამ არა ჟურნალისტად, არამედ თამაშის წარმდგენად “ევოლუშენ ჯორჯიაში” (აქ მუშაობა კი არანაირი განსაკუთრებული უნარებს არ მოითხოვს).

ვერ მოვისვენე, “საქართველოს უნივერსიტეტის” ცხელ ხაზზე დავრეკე. დამიდასტურეს, სტუდენტების 96% მართლაც დასაქმებულია, თუმცა მთავარ  კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, ვიყავი თუ არა მე ამ 96% ნაწილი. უფრო მეტიც, შესაბამის დეპარტამენტს მეილზე გავუგზავნე კითხვების ჩამონათვალი, რომელზეც არავინ არ მიპასუხა და არც ვიცი, ნახეს თუ არა.  საბოლოოდ, თავი “ცისფერ მთებში” მეგონა, ოპერატორი მეუბნებოდა რომ ჩემს კითხვებზე ვერავინ მიპასუხებდა, თუმცა უარსაც არ მეუბნებოდა და სხვაგან მამისამართებდა.

ავტორი: გიორგი მიქელაძე

 

სტატია თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" განათავსა.

მეტის ნახვა