ახალი ამბები • 1746614340
აჭარაში ყველაზე დიდი მოწონება ქობულეთის ნაძვის ხემ დაიმსახურა
ქობულეთი აჭარაში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომლის საახალწლო ატრიბუტმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ჯერ მხოლოდ სატესტო რეჟიმში აინთო და საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში უკვე მოექცა. ამას სოციალურ ქსელებში მოქალაქეების ემოციები, კომენტარები და გაზიარებები ნათლად აჩვენებს. ყველას საერთო კითხვა აქვს - როგორ შეძლო ქობულეთის მერიამ 145 ათას ლარად ისეთი დიზაინის შერჩევა, რომლის მიახლოებული ეფექტის მოხდენაც ბათუმის მერიამ მილიონადაც კი ვერ შეძლო. ქობულეთელების კიდევ ერთ საამაყო თემაზე თეო ფუტკარაძე გიამბობთ.
ნაძვის ხე, რომელიც წელს, ქობულეთს საახალწლოდ ამშვენებს, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოხვდა. მისმა დიზაინმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მუნიციპალიტეტში მთავარი საახალწლო ატრიბუტის კრიტიკოსებს, გასული წლებისგან განსხვავებით, ვერ იპოვით. წელს, ქობულეთის ნაძვის ხე, არამხოლოდ ადგილობრვების, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, განხილვის საგანი გახდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხშირად, საახალწლო განათებებისა და ნაძვის ხის სანახავად, ბათუმში მიდიოდნენ, რადგან მუნიციპალიტეტი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა და ლამაზი სანახაობისთვის, შორ მანძილზე წასვლას ამჯობინებდნენ. წელს კი, ქობულეთის ბიუჯეტური, თუმცა, მოწონებული ნაძვის ხის ფონზე, ბათუმის მილიონიანი ნაძვის ხე აღარ ხიბლავთ და მისი ახლოდან დათვალიერების სურვილი არ უჩნდებათ.
145 ათას ლარიანი ქობულეთის ნაძვის ხე, ნიუ-იორკისასაც კი შეადარეს. არადა, მისი რეალური ინსპირაცია, რაჭის წიწვოვანი ტყიდან მოდის. დიზაინში, უშუალოდ, ჩართული ნათია ნიჟარაძე იყო. ჰყვება, რომ დღევანდელი შედეგის დასადებად, პასუხისმგებლიანი კომპანია დაეხმარა, რომელმაც ტენდერით გათვალისწინებული პირობები შეასრულა.
ქობულეთის ბიუჯეტიდან, საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ჯამში, ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა. თანხა, მორთულობებსა და ღონისძიებებზე გადანაწილდა. ამ თანხის ორჯერ მეტი ოდენობა, ბათუმში, მხოლოდ, ნაძვის ხის შესაძენად დაიხარჯა. თუმცა, ბათუმელებმა ის ვერ მიიღეს, რაც შეუკვეთეს. დაწუნებული ნაძვის ხე, რამდენიმე დღეა, მოქალაქეების კრიტიკული კომენტარებისა და შეფასებების ობიექტია.
ბუნებრივია, ჩვენ გვსურდა მოგვესმინა პასუხები ქობულეთის მერისგან. როგორ მოახერხა ლევან ზოიძემ, არჩილ ჩიქოვანისგან განსხვავებით, კრიტიკის გარეშე, ბიუჯეტურად, მოქალაქეებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა. სამწუხაროდ, მან საახალწლო ღონისძიებებზე სასაუბროდ ნაძვის ხესთან გამოსვლა არ ისურვა და გადაღების პროცესს კაბინეტიდან აკვირდებოდა.

1739131407