ბათუმის მთავარი ნაძვის ხე - რა შეუკვეთა ხალხმა და რა იყიდა ხელისუფლებამ?!

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე წელსაც კრიტიკის საგანია. წინა წლის მსგავსად, ახალი წლის მთავარ ატრიბუტს მოსახლეობა უარყოფითად აფასებს. ბათუმელების უმრავლესობის პოზიცია ასეთია: „რა შევუკვეთეთ, რა ჩამოვიდა“. დაანონსებულ გრანდიოზულ ანთებამდე 3 დღე რჩება, ქალაქის მერი კი ადგილობრივებს ჰპირდება, რომ ნაძვის ხე ძალიან ლამაზი იქნება და მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშიც მოხვდება. არადა, ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ თითქმის ერთ მილიონად, დაჩქარებული წესით შეძენილი საახალწლო ატრიბუტი მოსახლეობის მიერ არჩეულისგან რადიკალურად განსხვავდება. როგორ აპირებს დარჩენილ 3 დღეში დაწუნებული ნაძვის ხის გალამაზებას ბათუმის მერია? თეო ფუტკარაძე არკვევდა.

ეს მოქალაქეების რეაქციაა ბათუმის ახალ ნაძვის ხეზე. ბათუმელები გააღიზიანა იმან, რომ რაც შეუკვეთეს, ის ვერ მიიღეს. დახარჯული მილიონამდე, ლარის მიუხედავად, ახალი წლის მთავარი ატრიბუტი, საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიწუნა. მოქალაქეები, რომლებმაც ნაძვის ხის შერჩევის პროცესში მიიღეს მონაწილეობა ამბობენ, რომ ის რაც ევროპის მოედანზე დგას, თავიანთ შერჩეულთან ახლოსაც კი არაა.

მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მოქალაქეები ფიქრობდნენ, რომ წინასაახალწლო განწყობა, მათ ყოველდღიურობას ცოტათი გაახალისებდა, თუმცა, წინა წლების მსგავსად, იმედგაცრუებულნი დარჩნენ.

ბათუმელებს განწყობა, მათ მიერ შერჩეული შესაბამისი ვიზუალის არ მქონე ნაძვის ხემ უკვე გაუფუჭა, თუმცა, არჩილ ჩიქოვანისთვის როგორც ჩანს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ბათუმის მერი, აგვისტოში გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში განთავსებულ ფოტოსა და ევროპის მოედანზე მდგარ ნაძვის ხეს შორის არსებულ თვალსაჩინო განსხვავებას ფოტომონტაჟს უწოდებს.

კითხვამ საკითხზე, რომელმაც საზოგადოებაში დიდი პოლემიკა გამოიწვია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გააღიზიანა. თორნიკე რიჟვაძემ გვიპასუხა, რომ ნაძვის ხეზე, რომელიც მილიონ ლარამდე დაჯდა, კითხვებს  აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან  არ უნდა ვსვამდეთ. რიჟვაძემ მოთმინებისკენ მოუწოდა ყველას, ვისაც ჯერ  მთავარი საახალწლო ატრიბუტის არჩევის უფლება მიეცა, შემდეგ კი, შეკვეთილისგან სრულებით განსხვავებულის ხილვის გამო, კრიტიკული კითხვები გაუჩნდა.

ესეც საახალწლო ნაძვის ხეა, რომელიც წელს ქობულეთს დაამშვენებს და ბათუმის ნაძვის ხისგან განსხვავებით, ბიუჯეტიდან მასზე  822 637  ლარით  ნაკლები, 145 750ლარი  დაჯდა. რატომ ვერ შეძლო ბათუმის მერიამ ქობულეთის მსგავსად, გაცილებით ბიუჯეტურად, უკეთესი ნაძვის ხის შეძენა ქალაქისთვის, შესაძლოა, ამ კითხვას, ჟურნალისტებთან პასუხი არ გაეცეს, თუმცა, დიდი ალბათობით, დახურულ კარს მიღმა, ამაზე განმარტებების გაკეთება, თვითმმართველი ორგანოს პირველ პირებს, თორნიკე რიჟვაძესთან მოუწიოთ.

მეტის ნახვა