ახალი ამბები • 1750317090
მახინჯაური - კიდევ ერთი მისამართი ბათუმში, სადაც წყალმომარაგება არაა
კიდევ ერთი მისამართი ბათუმში, სადაც წყალმომარაგება არაა. მახინჯაურში, თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, დღეს პრობლემაზე საჯაროდ ესაუბრათ და აქცია გამართეს. ამბობენ, რომ დიალოგს შედეგი არ მოაქვს, უწყლობით გამოწვეული აუტანელი პირობების მოთმენა კი აღარ შეუძლიათ. ისინი, პრობლემის გადასაჭრელად, მერიას ვადას უწესებენ და კიდევ ერთი ტყუილის შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.
ეს მეტალოპლასტმასის ავზი, ბოსტნის მოსარწყავად არ არის. წვიმის დროს, სახლის საწვეთურის წყალს, მეპატრონე მხოლოდ იმისთვის აგროვებს, რომ ჭურჭლის გასარეცხად და სააბაზანოში ისარგებლოს. ეს სურათი, მახინჯაურში, ტურისტულად აქტიურ ზონაში, თამარ მეფის მესამე შესახვევში დაგვხვდა. აქ, 2 000 ტონიანი რეზერვუარი ოთხი წლის წინ გაკეთდა. მას, კიდევ, ერთი უნდა დამატებოდა, გზის ზედა ნაწილში მცხოვრები ოჯახებისთვის, თუმცა, რა გაკეთდა მას შემდეგ, დღევანდელი საჯარო პროტესტიც მოწმობს.
რასაც აანონსებენ, სავარაუდოდ, მოუწევთ შეასრულონ კიდეც, რადგან, ბათუმის მერიაში ჯერ კიდევ ვერ აზუსტებენ, როდის გადაიჭრება წყლის პრობლემა ამ ოჯახებისთვის. კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა წლობით კიდევ ერთი რეზერვუარის მშენებლობა, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორი პასუხობს, რომ სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებენ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პროექტის მოლოდინში არიან.
თამარ მეფის მესამე შესახვევში, ინფრასტრუქტურული პრობლემები ამით არ სრულდება. ქალაქის ამ ნაწილში, ნაგვის ურნები არ დგას და მოსახლეობას შპს „ბათუმის სანდასუფთავება“ არ ემსახურება. ქუჩაზე, თითქმის ყველა გარე განათების ბოძი მორყეულია. ისინი, თოკებით ხეებზეა მიმაგრებული. ელექტროენერგიის და ინტერნეტის ხაზები ძირს ყრია, იქ, სადაც ბავშვები ყოველდღე დადიან. არაა მოწყობილი საკანალიზაციო სისტემა. გზაც ამორტიზებულია.
რაც შეეხება შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ პოზიციას, მუნიციპალურ ორგანზიაციაში იგივეს გვიმეორებენ. ამბობენ, რომ სპეციალური ტექნიკა მისამართზე, ქუჩის ადგილმდებარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ შედის. ჩვენ ვკითხეთ, სად ხედავენ ისინი გამოსავალს და როდემდე შეიძლება დასახელებული მიზეზი არგუმენტად ჩაითვალოს, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

1739131407