მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირებს მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მოუწევთ

ტექდათვალიერება

კიდევ ერთი სიახლე მართვის მოწმობის მიღების მსურველთათვის - პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე, გამოსაცდელი ვალდებული იქნება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა შეამოწმოს.

მოთხოვნის შესაბამისად, მძღოლობის კანდიდატს კითხვებს გამომცდელი დაუსვამს.

აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.

ცვლილების ინიციატორი შინაგან საქმეთა მინისტრია. ბრძანება კი ძალაში 2023 წლის პირველი სექტემბრიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.

მეტის ნახვა