მწვანე კონცხის დასახლებაში მცხოვრები ბერიძეები ბსუ წინააღმდეგ

მწვანე კონცხის დასახლებაში მცხოვრები ბერიძეები ბსუ წინააღმდეგ. მოქალაქეები ამბობენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება არ აძლევს მათ შესაძლებლობას, დაიბრუნონ გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩამორთმეული მამაპაპისეული მიწები.

საქმე იმაშია, რომ ბერიძეების ნამოსახლარი, საუკუნოვანი უძრავი ქონება, ბსუ-მ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან, 2009 წელს სარგებლობაში უვადოდ მიიღო. ფუტკარაძის უწყება დღეს განმარტავს, რომ სწორედ ამის გამო, მიწას უკან ვერ იბრუნებს, ბერიძეების განმარტებით კი ნაკვეთზე უარის თქმას არც რექტორი აპირებს.

როგორც მოქალაქეები ყვებიან, მერაბ ხალვაშისგან მიიღეს განმარტება, რომ სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულება აძლევს შესაძლებლობას, მიწაზე არ თქვას უარი იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი სასამართლო დავებს მოიგებენ. საუბარია 7 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც 53 ოჯახის საკუთრება იყო.

უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ტერიტორია სასწავლო-სამეცნიერო მიზნებისთვის სჭირდებათ და იმ შემთხვევაში დათმობენ, თუ კი სახელმწიფო მოითხოვს ან სასამართლო გადაწყვეტილება იქნება.  

მეტის ნახვა