"პირადში მოგწერ" აღარ იმუშავებს - რას გულისხმობს სიახლე?

„პირადში მოგწერ“ აღარ იმუშავებს. სოციალურ პლატფორმებზე წარმოდგენილ მოვაჭრეებს ახალი ვალდებულება ეკისრებათ. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ნებისმიერმა ონლაინ მაღაზიამ გასაყიდ პროდუქციაზე ფასები მკაფიოდ და საჯაროდ უნდა მიუთითოს. შესაბამისად, ინტერნეტ მაღაზიების მფლობელებს უფლება, რომ პოტენციურ მყიდველებს საქონლის ღირებულება ფოტოს კომენტარებშივე არ განუმარტონ, ჩამოერთვათ. რას გულისხმობს კონკრეტულად სიახლე და რას ამბობენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტსა თუ ონლაინ მაღაზიების მენეჯმენტში?

ინტერნეტ გაყიდვებში დასაქმებული ადამიანები, გასაყიდ ნივთებზე, რომ ფასებს არ უთითებენ ეს ახალი არაა. ალბათ, ხშირად, გქონიათ შემთხვევა, როდესაც კითხვისას რა ღირს ნივთი, პასუხად იღებთ - „პირად შეტყობინებაში მოგვწერეთ“. მარკეტინგული კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მეთოდი მათთვის მომგებიანია, რადგან ფეისბუქსა და ინსტაგრამზე დადებულ პოსტს, რაც უფრო მეტი კომენტარი ექნება, მით მეტი ადამიანი დაინტერესდება კონკრეტული პროდუქტით.

რა სარგებელს იღებენ, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები მსგავსი მიდგომით? „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი მენეჯერი ამბობს, რომ ამ გზით, გვერდის მმართველები პოტენციურ მომხმარებლებთან კონტაქტზე მარტივად გადიან და შესაძლებლობა ეძლევათ კლიენტს სხვა პროდუქციაც შესთავაზონ.

ირღვევა თუ არა მომხმარებლების უფლებები, როდესაც გასაყიდ ნივთზე ფასი მითითებული არაა? მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მოვაჭრე ვალდებულია, პროდუქციაზე მყიდველისთვის ღირებულება მკაფიოდ და გასაგებად განათავსოს. ეს ეხება, როგორც სავაჭრო ობიექტებს, ისე ონლაინ გაყიდვებსაც.

კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ  ფასის მითითება აუცილებელი  რამდენიმე შემთხვევაში არაა, მაგალითად, როდესაც საქონელი  აუქციონზე იყიდება ან გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი; იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და მომხმარებლის თვალწინ იწონება, ან იმ შემთხვევაში, თუ კი, საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია.

მეტის ნახვა