ახალი ამბები • 1746614340
პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრების დამტკიცებას მხარი დაუჭირა

პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.
დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 2 კანდიდატისთვის - ნანა ყეინიშვილისთვის და თეიმურაზ ხომერიკისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა, სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს კანდიდატების წარმოდგენაზე.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურები უკვე წარმოადგინა და მათი გაწვევის მექანიზმი კანონში არ არსებობს.
იმის მიუხედავად, რომ კომიტეტმა აღნიშნულ კანდიდატებს განხილვაზე მხარი არ დაუჭირა და პლენარულ სხდომას თავისი უარყოფითი დასკვნა წარუდგინა, უმრავლესობამ საკითხს კენჭი მაინც უყარა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკრიტიკა. მან პრეზიდენტი "საბანკო სისტემაში საბოტაჟის შექმნის მცდელობაში" დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები 14 სექტემბერს წარუდგინა.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უნდა გადადგეს და მის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

1739131407