ახალი ამბები • 1746614340
რატომ გახდა საზოგადოება ინდიფერენტული
მსგავსი შინაარსის პოსტებს სოციალურ ქსელში, იშვიათად, თუმცა, მაინც შეხვდებით. ამ კონკრეტულ წერილსაც თავისებური დატვირთვა აქვს. ასეთია, ჩვენი ყოველდღიურობა. გარემო რომელშიც ვცხოვრობთ, ხშირად, ვხედავთ დანაშაულის ფაქტებს, თუმცა, გამოსასწორებლად, არაფერს ვაკეთებთ. იმ მოტივით, რომ სხვისი ცხოვრება ჩვენი საქმე არაა, ადამიანურ პასუხისმგებლობას ხშირად გავურბივართ, რასაც შესაძლოა ფატალური შედეგი მოჰყვეს.
ხშირია ოჯახის წევრების მხრიდან, ერთმანეთზე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლა. გააგრესიულებულია საზოგადოებაც. ამის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ბევრი რამ იყოს. მაგალითად, სიდუხჭირე, უმუშევრობა, დაძაბული სოციალურ-პოლიტიკური გარემო, გახშირებული კრიმინალი და სხვა. რატომ არ რეაგირებს საზოგადოება ადეკვატურად მსგავს ფაქტებზე და რატომ გახდა ხალხი ინდიფერენტული? პასუხი შესაძლოა მარტივი იყოს, ადამიანებს, საკუთარი პრობლემების სიმრავლის გამო, სხვისი გასაჭირი აღარ აღელვებთ ან განრიდება ერთგვარ თავდაცვის საშუალებად იქცა. ამაზე საუბრობენ ფსიქოლოგებიც.
აგრესია და გულგრილობა ყოველდღიურად გვხვდება სხვადასხვა ადგილზე. ეს იქნება ქუჩა, ტრანსპორტი, მომსახურების სფერო თუ სახლი. ამიტომაც, ჩვენ შევეცადეთ აზრი მოქალაქეებისთვის გვეკითხა. მათი უმეტესი ნაწილი, მიზეზად პოლიტიკურ გარემოს, უმუშევრობასა და ეკონომიკურ კრიზისს ასახლებს. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი, ადამიანისთვის, უდიდესი წნეხია, რაც ფსიქოლოგიურადაც აისახება. ხალხის თქმით, საზოგადოებაში გაჩენილი გადაულახავი უპასუხისმგებლობის ბარიერიც, სწორედ, ამითაა გამოწვეული.
ეს საქართველოში, ბოლო პერიოდში ჩატარებული, ერთ-ერთი, სოციალური ექსპერიმენტია. საზოგადოების ინდიფერენტულობა ამ ვიდეოშიც კარგად ჩანს. თუმცა, ეს მწირი გამოხატულებაა, იმ გულგრილი რეალობის დასანახად, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ. ფაქტია, რომ ყველაზე კარგად და გააზრებულად, მაინც, ტრაგედიებამდე მისული ადამიანების გლოვა გამოგვდის.

1739131407