ახალი ამბები • 1746614340
რატომ შემოსაზღვრეს ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია

ბათუმში, იუსტიციის სახლსა და „ალიანს პალასს“ შორის არსებული ტერიტორია, რომელიც პარკინგისთვის გამოიყენებოდა, დღეს თუნუქის ჯებირითაა შემოსაზღვრული. როგორც ცნობილი გახდა, 4 224 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სახელმწიფომ, 49 წლით შპს „ალიანს მენეჯმენტს“, აღნაგობის უფლებით გადასცა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია, მომდევნო 6 თვეში, არანაკლებ 200 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომი მოაწყოს. სახელმწიფო ბალანსზე არსებული ტერიტორიით, იუსტიციის სახლი სარგებლობდა, რომელიც ასევე თანახმაა განხორციელდეს პროექტი.
არის თუ არა სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვა გაცემული ბათუმის მერიაში ან ისარგებლებენ თუ არა უფასო პარკირებით იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები და სერვისის მისაღებად მისული მოქალაქეები, კითხვებზე პასუხების მისაღებად არც მერიაში გვიპასუხეს და არც თავად „ალიანს მენეჯმენტში“.
სამშენებლო კომპანიაში გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებოდნენ დაინტერესების შემთხვევაში.

1739131407