ახალი ამბები • 1745861590
სახანძრო უსაფრთხოება, რომელსაც არავინ იცავს და აკონტროლებს
კანონი, რომელიც მხოლოდ ფურცელზე წერია. სახელმწიფო უსაფრთხოების 41-ე დადგენილება პროექტების ავტორებს, არქიტექტორებსა და მშენებლებს ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას ავალდებულებს. კერძოდ, შენობები ხანძრის გაჩენის შემთხვევაში დროული პრევენციის საშუალებას უნდა იძლეოდეს. მიუხედავად ამისა, ხანძრის მძიმე ისტორიები ცხადყოფს, რომ საქმე კანონის უგულებელყოფასთან გვაქვს. როგორ უნდა მიმდინარეობდეს სამშენებლო სამუშაოები და რა ზომები არსებობს ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად? თეო ფუტკარაძე ესაუბრა სპეციალისტებს.
ტრაგედიების ქალაქად ქცეულ ბათუმში, ადგილობრივები გადარჩენას აღნიშნავენ.
ქალაქში, მაღლივი კორპუსების რაოდენობა გაიზარდა, სახანძრო სამსახურების ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები კი, არ განახლებულა. ჩაბეტონებულ ბათუმში, საგანგებო სიტუაციების მართვა შეუძლებელი ხდება. ამის მაგალითი, გუშინდელი ხანძარია, რომელიც, სიმაღლის გამო ვერ ჩააქრეს და რესტორანი 3 საათზე დიდხანს, საბოლოო განადგურებამდე იწვოდა. სპეციალისტები დეველოპერებისა და ხელისუფლების მხრიდან, მშენებლობის რეგლამენტის უგულებელყოფაზე საუბრობენ. ზურაბ ცეცხლაძე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს.
ტექნიკის განახლების საჭიროებასა და სამშენებლო ობიექტების ზედამხედველობის გამკაცრებაზე საუბრობენ მშენებელთა პროფესიულ გაერთიანებაშიც. იაკობ გურგენიძის თქმით, დეველოპერები ზედმეტი ხარჯების თავიდან არიდების მიზნით, იმ ყველაზე მნიშვნელოვან პირობებს არღვევენ, რაც ადამიანების უსაფრთხოებას და სიცოცხლეს ეხება. გურგენიძის თქმით, ხელისუფლებამ წარსულის მაგალითებზე ვერაფერი ისწავლა.
საკითხი, რომ მშენებლობების ეფექტური ზედამხედველობის არ არსებობა დღემდე გამოწვევაა, მხოლოდ, პოსტ ფაქტუმ აქტიურდება. არქიტექტორები, კონტროლის არ არსებობაზე საუბრობენ. ანა ბიბილაშვილის თქმით, ხარისხზე პასუხისმგებლობას საბოლოოდ არავინ იღებს. ისჯება, მხოლოდ, დაბალი რგოლი, რომლებსაც სამუშაოები დაუკვეთეს. ბიბილაშვილის თქმით, არ არსებობს სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოებზე ლიცენზიები და ვალდებულებები. იგი სახანძრო უსაფრთხოების 41-ე დადგენილების შესრულების პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას.
აჭარას კარგად ახსოვს 2010 წელი. ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ დატრიალებული უბედური შემთხვევა, ხანძრის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა, მოგვიანებით სასტუმროს მეპატრონემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ და სხვა ობიექტებში, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების გადაცდომის ფაქტი, ჯერ კიდევ, წლების წინ დადგინდა. შემდეგი იყო ლეოგრანდის უბედურება. „თანამედროვე, მაღალი სტანდარტების“ მქონე სასტუმროში სახანძრო კიბის არ არსებობის გამო, 11 ახალგაზრდა დაიღუპა. მძიმე დანაშაულზე არა თავად კანონდამრღვევები, არამედ, დაბალ რგოლზე დასაქმებული პირები ისჯებიან. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონს სახანძრო უსაფრთხოების არ არსებობის კუთხით მძიმე გამოცდილება აქვს, შედეგები უფრო და უფრო უარესდება.

1739131407