საქართველოში, ბავშვთა 28%-ს ჭარბწონიანობა აწუხებს - რას ამბობენ სპეციალისტები?

ჭარბწონიანობა ბავშვებში, თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში, ჭარბწონიანობა, ბავშვთა 28%-ს აწუხებს და მათი ასაკი, 7-დან 9 წლამდე მერყეობს. ტენდენციაზე ექიმებიც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მიმართვიანობა ბოლო წლებში, განსაკუთრებით გაზრდილია. ბავშვებში, წონის გადამეტებას პედიატრები  და ენდოკრინოლოგები  სხვადასხვა  მიზეზს უკავშირებენ. თუმცა უპირველესად მაინც კვებითი რეჟიმის დარღვევა  განიხილება, რასაც ხშირად მშობლები უწყობენ ხელს.

კოვიდ პანდემიის შემდეგ, სიმსუქნის პრობლემა ბავშვებში კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ისინი მეტად მიეჯაჭვნენ ეკრანს და მეტად უმოძრაონი გახდნენ, ვიდრე მანამდე. აღმოჩნდა, რომ ჭარბწონიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის, ბოლო წლების ტენდენციად ქცეული, რიგი ჰორმონალური მედიკამენტების გამოყენებაცაა. ცხადია, არსად წასულა უმთავრესი - გენეტიკური განწყობა.

მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა მზარდია, ბავშვებში სიმსუქნის, როგორც პრობლემის იდენტიფიცირება და სწორად აღქმა, ისევ პრობლემად რჩება. მშობლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რაც მეტს მიირთმევს ბავშვი, მით ჯანმრთელია. ეს. რა თქმა უნდა. მცდარი შეხედულებაა.

სიმსუქნის დიაგნოზი 5-6 წლის ასაკში ისმება. ნორმის, ჭარბწონიანობის თუ სიმსუქნის შეფასებისთვის, არსებობს ფორმულები და ცხრილები ყველა ასაკისთვის. პედიატრები ამბობენ, რომ სხეულის მასის ინდექსის რღვევა პირდაპირკავშირშია კვებასთან, მათ შორის ნაადრევ ასაკში დაწყებულ დამატებით კვებასთან. მაშინ, როცა ბავშვები იწყებენ  რაფინირებულ კვებას, მოგვიანებით კი, ამას ემატება არასწორი კვება სკოლაში.

ჭარბი წონა, ხშირად ხდება სიმსუქნის განვითარების წინაპირობა. ეს კი უკვე დაავადებაა, რომელიც სხვა გართულებებს იწვევს, მათ შორის ისეთ სერიოზულს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული პათოლოგიები. ამიტომ, თუ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, აუცილებელია ვიზიტი ექიმ-ენდოკრინოლოგთან.

მცდარია შეხედულება რომ ბავშვს სიმსუქნისკენ მიდრეკილება გენეტიკურად აქვს და იგი ვერ გამოსწორდება. სწორ კვებასთან ერთად, ასაკის შესაბამისი ფიზიკური დატვირთვა შედგეს აუცილებლად  გამოიღებს. რა მივირთვათ, როდის და რამდენი - მნიშვნელოვანია, ჭამის ქცევა ბავშვობაშივე ჩამოყალიბდეს, რადგან მოზრდილ ასაკში სწორ კვებასთან შეგუება რთულია. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამას სწორი კვება ჰქვია და არა დიეტა და რომ ვახშმიდან ბავშვის დაძინებამდე, ორი საათი მაინც უნდა გავიდეს.

მეტის ნახვა