სარისკო ატრაქციონები - რა მდგომარეობაა ბათუმის სკვერებსა თუ პარკებში?

ბათუმის ქუჩებში რეკრეაციული სივრცეები მრავლადაა, სადაც ატრაქციონები და ბავშვთა გასართობი სხვადასხვა კონსტრუქციებია განთავსებული, თუმცა რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული ადგილები მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ადგილობრივების თქმით, უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე ბევრჯერ უსაუბრიათ, გახშირებულმა ტრაგედიებმა კი, საკითხი უფრო გაააქტიურა. საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობასთან ერთად მერიას პასუხისმგებლობა მის მოვლა-პატრონობაზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც ეკისრება. რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება თვითმმართველობა აღნიშნულ საკითხს და რა მდგომარეობაა სკვერებსა თუ პარკებში?

ბათუმში მცხოვრები ყვება, რომ პარკებსა და სკვერებში შვილის გასეირნებისას დასვენების ნაცვლად იღლება. ამის მიზეზად მშობლები, ბავშვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე გამოწვეულ, დაძაბულობასა და შიშს ასახელებენ. მდგომარეობა განსაკუთრებით ზაფხულობით რთულდება,  საბავშვო ატრაქციონები გადატვირთულია. ქალაქში არსებული კონსტრუქციების უმრავლესობა  მოშლილია. მდგომარეობა საგანგაშოა, კომერციულ ატრაქციონებზეც. მშობლების თქმით, ბულვარში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 9 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა,  კიდევ ერთხელ აჩვენა,  რომ ბავშვებისთვის, ქალაქში,  უსაფრთხო გასართობი ადგილი რთული საპოვნელია.

მოქალაქეები, საფრთხის შემცველ ატრაქციონებთან ერთად, მოძველებულ და დაჟანგულ სპორტულ კონსტრუქციებზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ აუცილბელია მოწყობილობები ხის მასალით ჩანაცვლდეს. საზოგადოების ნაწილი პრობლემას ხედავს ახალ სკვერებშიც. ამბობენ, რომ მოსასვენებელი სივრცეები იქმნება, თუმცა, მწვანე საფარი მასშტაბებში მცირდება. რეკრეაციულ სივრცეებში, მწვანე საფარის ნაცვლად, ბეტონი ჭარბობს.

საფრთხის შემცველად, მოქალაქეებს, ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებული, ღია სადენებიც მიაჩნიათ. ბოძების უმრავლესობაზე, მავთულები ღიადაა დატოვებული. მათი ნაწილი იმდენად დაბალზეა გაყვანილი, რომ ხელით შეხება ბავშვებსაც კი შეუძლიათ,  რასაც შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს. მსგავსი შემთხვევა ქალაქში უკვე მოხდა, როცა ღია სადენებს, ძაღლი ემსხვერპლა.  სადენები შეფუთული, რომ  უნდა იყოს,  ეს შესაბამისმა სამსახურებმა კარგად იციან. ამას ისიც ადასტურებს, რომ თავისდროზე კონსტრუქციები, ჩამკეტი ფილებით დაამაგრეს, თუმცა, შემდგომ  მისი მონიტორინგი, რომ  აღარავის უწარმოებია კადრებიც ცხადყოფს.

იდენტური მდგომარეობაა, ქალაქის მასშტაბით არსებულ სხვა სკვერებშიც. რამდენიმე ადგილზე  სადენები მიწის ზედაპირზევეა გაყვანილი.

ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებული, კომერციული ატრაქციონების მენეჯერი გვიყვება, რომ კონსტრუქციების მონიტორინგი მუდმივად ხდება. ჰყავთ საკუთარი ელექტრიკოსი და მექანიკოსიც. თუმცა, უსაფრთხოების შემოწმება, ბათუმის მერიის ვალდებულებაა. საზოგადოებრივი სივრცეებს შესწავლა, ბულვარში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, გააქტიურდა.

საზოგადოებრივი სივრცეების კეთლმოწყობა და შემდგომი მოვლა-პატრონობა, ადგილობრივ თვიმმართველობებს რომ  ეკისრებათ, ამაზე, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრშიც საუბრობენ. თეონა დიასამიძის თქმით,  მერია  მთავარი სუბიექტია, რომელიც ურბანული პარკების განვითარებასა და მართვაზეა პასუხისმგებელი. მისი შეფასებით, რეკრეაციული სივრცების კონტროლი, კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში, სისტემატურად უნდა  ხდებოდეს.

საზოგადოებრივი სივრცეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა თვითმმართველობის ვალდებულებაა. ბათუმის ვიცე მერი ამტკიცებს, რომ მუნიციპალური სერვისების მართვის სააგენტო რეკრეაციული სივრცეების მოვლა-პატრონობასა და მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს. ლევან დავითაძის თქმით, შესაბამისი სამსახურები პრობლემებზე მყისიერად რეაგირებენ. არსებულ რეალობას კი, ვიცე-მერი ვანდალიზმს უკავშირებს.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება პრობლემებზე, ხშირად, საუბრობს და გამოწვევების არსებობას ფაქტებიც ადასტურებს, პასუხსიმგებელი უწყებები საპირისპიროს ამტკიცებენ. ფაქტია, რომ ბათუმში, მოსასვენებელ და ბავშვთა გასართობ სივრცეებში არსებული რეალობა, განახლებასა და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს.

მეტის ნახვა