ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის "სასკოლო ოლიმპიადა 2023" იწყება

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ - უმაღლესი სასწავლებელი, რომლის მისიაც ახალგაზრდების თვალსაწიერის გაფართოებაა განათლების, კვლევისა და სიახლის დანერგვის გზით. სკოლის მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობაა, რომელსაც „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ უკვე მეორედ გაუწევს ორგანიზებას. გასულ წელს მიღებული შედეგებისა და მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიადა კიდევ უფრო მასშტაბური გაეხადათ და მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის „სასკოლო ოლიმპიადა 2023“-მა სტარტი უკვე აიღო. შეჯიბრება, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობის განათლების, განვითარებისა და სკოლებში სასწავლო პროცესის ხელშეწყობაა, წელს უფრო მასშტაბური ხასიათის იქნება და მთელ საქართველოს მოიცავს. მასში მონაწილეობა და საკუთარი ცოდნის გამოვლენა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

სასკოლო ოლიმპიადა 5 ძირითადი მიმართულებით წარიმართება, როგორებიცაა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ესეებისა და დებატების კონკურსი ინგლისურ ენაზე, სამოქალაქო განათლება, ბიზნესი და სპორტული შეჯიბრი ფეხბურთში. პირველი ტურები ონლაინ რეჟიმში, დასკვნითი კი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში ჩატარდება.

სასკოლო ოლიმპიადაზე მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე 25 იანვარს გაიხსნა და 10 თებერვალს დასრულდება.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი 2013 წელს დაარსდა და წარმოადგენს ყველაზე სწრაფად განვითარებად საერთაშორისო სასწავლებელს რეგიონში. მისი მიზანია, სტუდენტებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. დაწესებულების 12 პროგრამაზე 88 სხვადასხვა ქვეყნიდან ჯამში, 3 000-ზე მეტი სტუდენტია რეგისტრირებული.

მეტის ნახვა