როგორ შევარჩიოთ სწორი ზომის ტელევიზორი?

ტელევიზორი

თუ ახალი ტელევიზორის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, შეიძლება უეცრად თავი დიდ გაურკვევლობაში ამოყო. ბაზარი განსხვავებული ზომისა და მოდელების ტელევიზორებითაა სავსე, ამიტომ შესაფერისი ზომის არჩევა ადვილი საქმე არ არის.

მიუხედავად ამისა, დღევანდელი სტატიით ვეცდებით, რომ არჩევანის პროცესი შეძლებისდაგვარად გაგიმარტივოთ და ყველა საჭირო რჩევა მოგცეთ ტელევიზორის ზომასთან დაკავშირებით.

რას უწოდებენ ტელევიზორის ზომას?

სანამ ტელევიზორის სწორი ზომის შერჩევას შევუდგებოდეთ, ჯერ გავარკვიოთ, საერთოდ რას ნიშნავს ის. უპირველესად, ტელევიზორის ზომაში ეკრანის ზომა იგულისხმება, ეკრანს კი დიაგონალურად, კუთხიდან კუთხემდე ზომავენ, როგორც წესი, სანტიმეტრებში. ერთ-ერთი ფუნდამენტური მახასიათებელი ტელევიზორისთვის სწორედ ეკრანის ზომაა. შენც იმიტომ კითხულობ ამ სტატიას, რომ კარგად გესმის, რა რატომაა მნიშვნელოვანი ტელევიზორის ზომა სასიამოვნო ყურებისთვის.

რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინო ტელევიზორის ყიდვამდე?

შენთვის შესაფერისი ზომის ტელევიზორის ასარჩევად რამდენიმე გარემოების შეფასება დაგჭირდება:

ოთახის ზომა

ტელევიზორის შერჩევისას პირველი და ყველაზე აშკარა ფაქტორი ოთახის ზომაა. ბუნებრივია, რომ ოთახისა და ტელევიზორის ზომა ჰარმონიულ პროპორციას უნდა ქმნიდეს სივრცეში. თუ პატარა ოთახი გაქვს, დიდი ზომის ტელევიზორის განთავსებით ინტერიერს უფრო გადატვირთავ, მთელ ყურადღებას ტელევიზორისკენ მიაპყრობ და ისე გამოვა, რომ ოთახზე შენ მიერ დამონტაჟებული ჭკვიანი მოწყობილობა დომინირებს.

მეორე მხრივ, თუ ტელევიზორის განთავსება შედარებით დიდ ოთახში გინდა, უნდა ეცადო, რომ ოთახის სივრცემ ტელევიზორი არ დათრგუნოს. ამიტომ, ტელევიზორი რომ მოცულობითი ოთახის უმნიშვნელო დეკორაციად არ იქცეს, ზომის შერჩევისას ყურადღება უფრო დიდი ეკრანის მქონე მოდელებისკენ მიმართე.

ეკრანის რეზოლუცია

ტელევიზორის ეკრანის რეზოლუცია განსაზღვრავს პიქსელების რაოდენობას ეკრანზე. რაც უფრო მეტია პიქსელების რიცხვი, მით უფრო ნათელი და მკვეთრია გამოსახულება ტელევიზორში. თუ დიდი ზომის მოდელს ყიდულობ, მაშინ დარწმუნდი, რომ ეკრანის რეზოლუციაც მაღალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ ეკრანზე უფრო მარტივად შეამჩნევ პიქსელების სიმცირეს. მეორე მხრივ, თუ პატარა ზომის ტელევიზორს არჩევ, ეკრანის მაღალი რეზოლუცია სასურველია, თუმცა არა - კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

ეკრანის განახლების სიჩქარე

ეკრანის განახლების სიჩქარე განსაზღვრავს ერთ წამში რამდენჯერ ახლდება გამოსახულება. მაღალი სიჩქარის მქონე ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულება უფრო გლუვი და მკვეთრია, მით უმეტეს, როცა სწრაფი ტემპით მიმდინარე ფილმს ან სპორტულ გამოშვებას უყურებ.

საყურებელი დისტანცია

იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც ტელევიზორის ყიდვამდე უნდა გაითვალისწინო, ყველაზე მნიშვნელოვანი საყურებელი დისტანციაა. ადამიანების უმეტესობა არასწორად მიიჩნევს, რომ დიდი ტელევიზორი აუცილებლად კარგ ტელევიზორს ნიშნავს. სინამდვილეში, დიდიც და პატარაც შედარებითი მახასიათებლებია და მათ მანძილი და ხედვის პერსპექტივა განსაზღვრავს. ერთი სიტყვით, შენსა და ტელევიზორს შორის არსებული დისტანცია მთავარი კრიტერიუმია სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

თუ დიდ ტელევიზორთან ძალიან ახლოს დაჯდები, თვალების დაძაბულობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, თავბრუსხვევაც შეიძლება დაგეწყოს, შედეგად, აღარც ტელევიზორის ყურება არის სასიამოვნო პროცესი. მეორე მხრივ, თუ პატარა ზომის ტელევიზორს ძალიან შორი მანძილიდან უყურებ, ეკრანზე არსებული გამოსახულება სიმკვეთრეს კარგავს და კადრების გარჩევაც რთული ხდება.

ტელევიზორსა და მაყურებელს შორის იდეალურ დისტანციად ტელევიზორის ეკრანის ზომაზე 1.5-2.5-ჯერ დიდი მანძილი მიიჩნევა. მაგალითად, თუ 127 სანტიმეტრიანი ეკრანი გაქვს, ტელევიზორისგან 190.5-317.5 სანტიმეტრის მოშორებით უნდა დაჯდე.

ოთახისა და ტელევიზორის ზომების შეფარდება

პატარა ოთახი: პატარა ოთახისთვის, სადაც საყურებელი დისტანცია 120-180 სანტიმეტრია, დაახლოებით 80 სანტიმეტრიანი ეკრანია ოპტიმალური.

საშუალო ოთახი: საშუალო ოთახისთვის, სადაც შენსა და ტელევიზორს შორის 180-245 სანტიმეტრია მანძილი, ეკრანის სწორი ზომა 80-125 სანტიმეტრია.

დიდი ოთახი: დიდი ოთახი საშუალებას გაძლევს, ტელევიზორიდან 125-300 სანტიმეტრით იყო მოშორებული, შესაბამისად, საუკეთესო გამოცდილებისთვის მოზრდილი, 125-175 სანტიმეტრიანი ეკრანი დაგჭირდება.

ძალიან დიდი ოთახი: ძალიან ფართო ოთახებში ტელევიზორი შეიძლება შენგან 3 მეტრზე დიდი მანძილითაც იყოს დაშორებული. ასეთ შემთხვევაში ტელევიზორს მინიმუმ 178 სანტიმეტრიანი ეკრანი უნდა ჰქონდეს.

მიუხედავად ყველაფრისა, საყურებელი დისტანცია საბოლოოდ მაინც პირად პრეფერენციებზე დაიყვანება. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს რას უყურებ: მაგალითად, თუ ფილმს უყურებ, შეიძლება უფრო ახლოს გერჩივნოს ტელევიზორთან დაჯდომა, ხოლო თუ საინფორმაციო გამოშვებაა ჩართული, ტელევიზორისგან მოშორებით მყოფსაც არ შეგექმნება დისკომფორტი.

თუ ტელევიზორს ვიდეო-თამაშებისთვის იყენებ, უფრო ახლოს ჯდომა მოგიწევს, რომ თამაშის უმცირესი დეტალებიც კი შენიშნო. ასეთ შემთხვევაში, ეკრანის მაღალი რეზოლუცია და განახლების სიჩქარე ნამდვილად დაგეხმარება თამაშის უკეთესი გამოცდილების შექმნაში.

მეტის ნახვა