ახალი ამბები • 1733997205
24 წლის ბიჭი მეგობარმა სასიკვდილოდ დაჭრა
24 წლის ბიჭი მეგობარმა სასიკვდილოდ დაჭრა. შემთხვევა თბილისში, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირთან, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული კაცი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას 7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლეს. უცნობია, რა გახდა მეგობრებს შორის დაპირისპირების მიზეზი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დაკავებულები არიან - 1991 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს.
ჯ.ს. - ს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.ხოლო გ.ზ. ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის არის დაკავებული.
ჯ.ს. - ს მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო გ.ზ. - ს ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ჯ.ს. - ს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან, 1998 წელს დაბადებულ მ.ლ. - სთან. მოგვიანებით, ჯ.ს. - მ მას, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად ავტომობილით მიაკითხა, ანგარიშსწორების მიზნით, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ სროლის ფაქტს შეესწრო, ბრალდებულის და მოკლულის საერთო მეგობარი გ.ზ. - ც, რომელმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა", - წერია უწყების განცხადებაში.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ტარდება შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.
დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ცრუ ინფორმაციის მიცემის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
1733990122
1728455482
1727447820