ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი რეპერტუარიდან მოხსნა

ხულოელი ბავშვების დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება თამარ მაყაშვილს ძვირად დაუჯდა. ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი, გაკეთებული განცხადების გამო, რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ გუნდი დასის წევრის ქმედებას ემიჯნება.

"ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს ემიჯნება.

ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.

აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თამარ მაყაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში ხულოელი ბავშვები დამცინავ კონტექსტში მოიხსენია. „ხულელი ბავშვივით, საშინელი ბეშუმური კაბა“ - თქვა მსახიობმა პირდაპირ ეთერში. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ მაყაშვილმა სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა.

მეტის ნახვა