ახალი ამბები • 1746614340
ძალადობა მოზარდზე ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში - რას ამბობენ დაწესებულებაში | მხარეთა პოზიციები
ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ბავშვზე. ფაქტი ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში დაფიქსირა. ჩაგვრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრები TV 25-საც მოგვაწოდეს. დანაშაულთან ერთად, სახეზეა კონფიდენციალურობის დაცვის უფლების დარღვევა. ფაქტზე რეაგირების მოხდენის მიზნით, ვიდეო, საჯაროდ ისე გაავრცელეს, რომ მოზარდის საუკეთესო ინტერესი არავის გახსენებია. თამარ კიკნაძე არკვევდა დეტალებს.
ეს კადრები, კერძო საბავშვო ბაღ „აკუნა-მატატაში“ მომხდარ ინციდენტს ასახავს. ვიდეოში, ნათლად ჩანს, როგორ ძალადობს ბავშვზე აღმზრდელი. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, სხვა მცირეწლოვნების თანდასწრებით ხდება.
აღმზრდელის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას, ბაღის ადმინისტრაციისგან, რეაგირება დაუყოვნებლივ მოჰყვა. დირექტორმა, შვიდ წლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომელი, რომელიც მისივე თქმით, მსგავს ქმედებაში არასოდეს ყოფილა შემჩნეული, სამსახურიდან დაითხოვა. გაფრთხილება მიეცა ჯგუფის, ძიძასაც. ქეთევან აბაზაძე, მომხდარის გამო, მშობლებს უბოდიშებს და ამბობს, რომ უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას, მეტი სანდოობისთვის.
როგორც კერძო ბაღის დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, პოლიციას ყველა საჭირო ვიდეომასალა მიაწოდა. კონკრეტული აღმზრდელისთვის კი, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება, თავად, მშობელმა მოითხოვა.
მსგავსი პრობლემების შესახებ, TV25-ის ეთერით, არაერთხელ გვისაუბრია. საქმე იმაშია, რომ კერძო საბავშვო ბაღები, სახელმწიფო საკანონმდებლო რეგულაციებში არაა მოქცეული. ისინი, არც მუნიციპალიტეტებს ექვემდებარებიან და არც განათლების სამინისტროს. ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრობლემა, სათავეს სწორედ აქედან იღებს და სწორედ, ეს საკითხია მოსაგვარებელი.
კითხვებით პარლამენტის განათლების კომიტეტს მივმართეთ. გიორგი ჩაკვეტაძე ამბობს, რომ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი“, 2016 წელს მიიღეს. მისი მთავარი მიზანია, რეგულაციებს, საჯაროსთან ერთად, კერძო სკოლები და ბაღებიც დაექვემდებარონ. როგორც პარლამენტარი ამბობს, დარგობრივი კომიტეტიდან, სამოქმედო გეგმის მიხედვით, გარდამავალი მიზნების შესრულებას წლები სჭირდება, თუმცა, მისივე თქმით, აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. ერთიანი სქემის მიღება შესაძლებელი, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის გახდება. გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, განათლების კომიტეტმა, იუნისეფთან ერთად, თემატური მოკვლევა ორი თვის წინ დაიწყო. შესწავლის მიზანი ადამიანურ რესურსთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გამოწვევებია. რეკომენდაციებს, სამინისტროს, წლის ბოლოს წარუდგენენ.
„აკუნა მატატაში“ მომხდარი, ეს კონკრეტული ფაქტი, ორმაგი დანაშაულის შემთხვევაა. ზეწოლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ამავე ჯგუფიდან, ერთ-ერთმა მშობელმა, ისე გაასაჯაროვა, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვისა თუ ჯგუფის სხვა მცირეწლოვნების ინტერესებზე არ დაფიქრებულა. თიკო აბაშიძე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე საუბრობს.
იქნება თუ არა ეს კონკრეტული ფაქტი, ერთგვარი გაკვეთილი სხვებისთვის, ან მოახდენს თუ არა მისი გასაჯაროება ბავშვების ძალადობისგან პრევენციას? სპეციალისტების თქმით, მსგავს შემთხვევებს, აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება, თუმცა, იმგვარად, რომ მხარეთა საუკეთესო ინტერესები არ შეილახოს, მით უფრო, არასრულწლოვნების.

1739131407