სწავლა უფასოდ - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საჩუქარი გოგონებს

სწავლა უფასოდ - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საჩუქარი გოგონებს. საგანმანათლებლო დაწესებულება უპრეცედენტო შეღავათს აწესებს. სასწავლებელი გადასახადისგან ათავისუფლებს იმ გოგონებს, რომლებიც ეროვნული გამოცდებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩაირიცხებიან და ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან. სასწავლებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილება ქალთა გაძლიერებასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

16 წლის ანა აუდიტორიაში ახლა მეზღვაურის პროფესიას ეუფლება. მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტებს შორის იგი ერთადერთი გოგოა. ამბობს, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა უმცირესობაში ყოფნა სასიამოვნოა. ანას ახლო მომავლის მიზანი შორეულ ნაოსნობაში წასვლაა. ამაზე ბავშვობიდან ოცნებობს. ამსხვრევს სტერეოტიპს, რომ გემი „კაცის საქმეა“. ამბობს, რომ ქალს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე  საზოგადოებას წარმოუდგენია.

სტერეოტიპული მიდგომების წინააღმდეგ ბრძოლა უწევს ანასტასია ქაჯაიასაც. იგი მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის კურსდამთავრებულია. ამბობს, რომ მთავარი, რის გამოც არჩევანი მეზღვაურობაზე გააკეთა, სირთულეების ხიბლი და ზღვის სიყვარულია. საკუთარ მომავალს ისიც, მხოლოდ, შორეულ ნაოსნობაში ხედავს.

გოგონებისთის, რომლებიც საზღვაო სფეროთი არიან დაინტერესებულნი,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, უპრეცედენტო შეღავათს აწესებს. საგანმანათლებლო დაწესებულება საფასურისგან ათავისუფლებს ყველას, ვინც ეროვნული გამოცდების შედეგად, საბაკალავრო პროგრამებზე ჩაირიცხებიან. ქალებს,  არჩევანის გაკეთება ორ მიმართულებას შორის შეუძლიათ: საზღვაო ნავიგაცია და გემის მექანიკა. სწავლება, ორ ენაზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოებს.

გოგონებისთვის დაწესებულ შეღავათებს, უნივერსიტეტის კანცლერი, ქალების გაძლიერების მოტივით ხსნის. ლალი ხვედელიძე ამბობს, რომ  ინიციატივა საზღვაო სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, საზღვაო სფეროში, 20 წელზე მეტია არსებობს. აბიტურიენტებს დაწესებულების პოვნა, ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო სიაში, ნომრით 140 შეუძლიათ.

მეტის ნახვა