ონკოლოგიური დაავადებების მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სრულად დავაფინანსებთ - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის თქმით, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ონკოლოგიური დაავადებების მქონე 300 ბავშვის მკურნალობას. ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე იქამდე გააკეთა, ვიდრე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტზე ისაუბრებდა. მან მედიკამენტ ვოზორიტიდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე უარი თქვა.

მისი თქმით, ბიუჯეტიდან ამისთვის 30-მილიონ ლარამდე გამოიყოფა. ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ უკვე შეარჩია რამდენიმე კლინიკა მსოფლიო მასშტაბით.

"რამდენიმე ხნის წინ დავავალე ჯანდაცვის მინისტრს და დავიწყეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა, კერძოდ, მოგეხსენებათ, საქართველოში დაახლოებით 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, ჩვენი მოქალაქე, რომლებსაც ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, მათთვის გამოყოფილია წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი ლარი, მაგრამ მოგეხსენებათ, საქართველოში სამწუხაროდ დღეს არ არის ყველა პირობა შექმნილი, რომ სრულყოფილი სერვისი მივაწოდოთ და ხშირ შემთხვევაში, გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ.

ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გვაქვს, გამოკვეთილი არის უკვე რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების, მგზავრობის თუ ა.შ. ასე რომ, ყველა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ - დაახლოებით 300 ბავშვი წელიწადში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. ძალიან კარგია, რომ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო თანხები, სახსრები ამ მიზნით. ამ პროგრამის შემდეგ, არც ერთ ბავშვს არ შეექმნება დაფინანსების პრობლემა, ყველას ვუმკურნალებთ საუკეთესო კლინიკებში, რომლებიც აღიარებულია მთელს მსოფლიოში", - თქვა ღარიბაშვილმა.

მეტის ნახვა