რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს "მშობელთა სკოლაში" გაწევრების მსურველი ბენეფიციარი?

„მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის“ - ასე ჰქვია ახალ საპილოტე პროგრამას, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მომავალი მშობლებისთვის შეიმუშავა. კრიტერიუმები უკვე გაწერილია. ვის შეუძლია გახდეს მოწყვლად კონტინგენტზე გათვლილი პროგრამის ბენეფიციარი?

„მშობელთა სკოლა“ სახელმწიფოს ახალი პროგრამაა, რომელიც სწავლების ერთგვარ კურსს მოიცავს მათთვის, ვინც შვილის გასაჩენად ემზადება. მომავალი მშობლებისთვის, ეს არის შესაძლებლობა, მიიღონ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც უსაფრთხო ორსულობის წარმართვაში დაეხმარებათ და ჯანმრთელი ახალშობილების დაბადებას ხელს შეუწყობენ.

ახალი სახელმწიფო პროექტი, შესაბამისი ცოდნის მიწოდებას, როგორც  დედისთვის, ისე მამისთვის ითვალისწინებს. მსურველი ბენეფიციარები, ექვს სასწავლო-საინფორმაციო გაკვეთილს მოისმენენ. მათ მიზნობრივ განათლებაზე ერთობლივად იმუშავებენ მეან-გინეკოლოგები, ნეონატოლოგები, ფსიქოლოგები და ფიზიკური თერაპევტები. ამ შემადგენლობით გუნდი ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰყავდეს, რომელთაც ორსულები აღრიცხვაზე აჰყავთ.

პროგრამაში მონაწილეობას საკუთარი პირობები აქვს. საპილოტე ეტაპზე, იგი სოციალურად დაუცველ ფენაზეა გათვლილი. სარეიტინგო ქულა 200 000-სს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსულს ან მის მეუღლეს. აუცილებელი პირობაა, რომ ბენეფიციარი აჭარაში იყოს რეგისტრირებული.

ორსულობის მართვაში, მომავალი მშობლებისთვის ფსიქოლოგის კონსულტაცია და შესაბამისი განათლების მიწოდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. სპეციალისტის თქმით, ფეხმძიმე ქალების ექვსი ტიპი არსებობს და მათ უმრავლესობას დახმარება სჭირდება.

პროგრამის „მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის“ ბიუჯეტი 120 ათასი ლარია. ამ ეტაპზე, იგი 1000 ბენეფიციარზეა გათვლილი.

მეტის ნახვა