ახალი ამბები • 1750317090
შტორმი ბათუმში და მიტაცებული ბულვარი
ბათუმის ბულვარში შტორმმა პრობლემები ისევ შექმნა. ძლიერი ტალღების დროს, ზღვა შუა ბულვარში გადმოვიდა, შედეგად კი, დაზიანებული პრომინადის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა. დაზარალდნენ კაფე-ბარების მფლობელები. ოპოზიცია ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. გეოლოგები კი, ამბობენ, რომ ზღვაში ინერტული მასალა პირველივე შემთხვევაზე უნდა ჩაეყარათ, შედეგად კი მოვლენები ასე არ განვითარდებოდა.
ძლიერმა შტორმმა, გუშინ, სანაპირო ზოლში არსებული კაფე-ბარების მეპატრონეებს დიდი ზიანი მიაყენა. ზღვამ კვების ობიექტებში არსებული, სკამები, მაგიდები და სხვა ინვენტარი მთლიანად წაიღო. ობიექტების მფლობელების თქმით, ეს მოცემულობა, ნაპირგამაგრებითი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებამ გამოიწვია.
დაზარალდა ყველა, ვისაც ახალ ბულვარში ბიზნესი ჰქონდა. მათი თქმით, მდგომარეობა ბათუმის მერიის უპასუხისმგებლობის ბრალია, რადგან პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ზღვა, ბულვარის შუა ნაწილამდე აღწევს და ტერიტორიაზე არსებულ ინვენტარსა თუ ობიექტებს აზიანებს.
გეოლოგი ამბობს, რომ ნაპირგამაგრებითი სამუშაოები დაგვიანებულია და ბათუმის მერიას პროცესი აქამდეც უნდა განეხორციელებინა, რადგან ზღვაში ინერტული მასალა ბოლოს 2007 წელს ჩაყარეს. ტარიელ ტუსკიას თქმით, თუ კი სამუშაოები დროულად არ დაიწყება, შესაძლოა, შტორმმა უფრო მასშტაბური პრობლემები გამოიწვიოს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახლა მოქალაქეები „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლობას იმკიან. რეზო ხარაზი მმართველ გუნდს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
კიდევ უფრო გაიზარდა დაზიანებული პრომინადის მასშტაბი, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამორტიზებულია ინფრასტრუქტურა, წაქცეულია განათების ბოძები. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შტორმი საკმაოდ მაღალბალიანი იყო და შესაბამისად, პრობლემები ამიტომ გამოიწვია.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც უხვი ნალექის და შტორმის დროს ზღვა შუა ბულვარში გადმოვიდა. უამინდობამ ზღვისპირა პარკში პრობლემები რამდენიმე თვის წინაც შექმნა. ბათუმის მერია განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბულვარის მიმდებარედ, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება განხორციელდება. ამისთვის, პროექტის მიხედვით, ნატანის ამოღება, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდანაა დაგეგმილი.

1739131407