ახალი ამბები • 1746614340
50 წლამდე კაცმა ნაჯახით თანასოფლელი ქალი მოკლა - ის დააკავეს [ვიდეო]
50 წლამდე კაცმა ნაჯახით თანასოფლელი ქალი მოკლა. კრიმინალური შემთხვევა წალკაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მკვლელობის მოტივად პირადი ანგარიშსწორება სახელდება.
შსს-ს ცნობით, დამნაშავე უკვე დაკავებულია. მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ვ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1970 წელს დაბადებულ ე.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ვ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.

1739131407